თბილისის და ბათუმის აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები კვლავ უქმდება. როგორც აეროპორტის მმართველ კომპანიაში, TAV Georgia-ში განაცხადეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში ექვსი ფრენა გაუქმდა, ოთხი თელ-ავივის, ხოლო ორი თეირანის მიმართულებით. თბილისის აეროპორტში დღეს შვიდი ფრენაა გაუქმებული, ხუთი თელ-ავივის, თითო დუბაისა და თეირანის მიმართულებით.
13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანში დაარტყა ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი რაშიდი. ისრაელის არმიამ დღეს, 16 ივნისს გამოაცხადა, რომ თეირანში დაარტყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების ძალებს. დღესვე ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა თელ-ავივსა და ჰაიფაზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.