წიგნები, რომელიც გრილ ოქტომბერს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ - რეკომენდაციები წიგნების მოყვარულებისთვის

ცხელი ზაფხულის შემდეგ, გრილი ოქტომბერი ყველას ცხოვრებაში უეცრად შემოიჭრა და თითქმის სრულდება კიდეც. ეს თვე ყველას საოცარი გრძნობებით და ემოციების კორიანტელით გვავსებს. ნოსტალგიური დღეები ნელ-ნელა მიიპარება და ცივი ზამთრისთვის გვამზადებს. წვიმიანი დღეები კი, თბილ სახლში სხვადასხვა წიგნების გადაფურცვლისკენ გვიბიძგებს. ბევრი დამეთანხმება, რომ ასეთ თვეებს ყველაზე მეტად ცხელი სასმელები და წიგნები უხდება, ჰარმონიისა და თავგადასავლების ძიებას გამოგონილ და გასაოცარ ისტორიებში ვიწყებთ. 

დიახ, ჯადოსნური ამბების საკითხავად არაჩვეულებრივი დროა, ტემპერატურა დაბლა იწევს და დღეებიც იკლებს, შენ კი თუ ისევ არ იცი რა წაიკითხო, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საინტერესო წიგნების მომარაგებაში, რომელიც უფრო მეტად გაგილამაზებთ ოქტომბრის თვეს. 

საოქტომბრო საკითხავი სია:

"მარტოობის ასი წელიწადი" - გაბრიელ გარსია მარკესი 

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში - მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.

"იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან" - დელია ოუენსი

მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.

“ჭამე, ილოცე, შეიყვარე'' - ელიზაბეტ ჯილბერტი 

ეს არის ავტობიოგრაფიული წიგნი თანამედროვე წარმატებული ქალის შესახებ, რომელმაც ვერ აუღო ცხოვრებას ალღო და ამის გაკეთებას თავიდან ცდილობს. მშვენიერო ქალბატონებო, წიგნი შეგახსენებთ თუ რა გჭირდებათ სინამდვილეში - თავისუფლება, ბედნიერება და შესაძლებლობდა, რომ გაატაროთ კარგი დრო და იცხოვროთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში.

 

"ათასი მოელვარე მზე" - ხალიდ ჰოსეინი 

"ათასი მოელვარე მზე" მსოფლიო ბესტსელერების ავტორის-ხალიდ ხოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა.ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურებაზე,ოჯახში ძალადობაზე,"თალიბანის სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას.ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან,ჩამოყრილ ჭურვებშ კი ყვავილებს ახარებენ.

"მთებმა მთებს უთხრეს" - ხალიდ ჰოსეინი 

„მთებმა მთებს უთხრეს“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის 2013 წელს გამოცემული რომანია, რომელსაც კონტრასტების წიგნიც შეიძლება ეწოდოს. მისი სიუჟეტი, ამჯერად, სცდება ავღანეთსა და ამერიკას, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და ცდილობს აჩვენოს ადამიანის წინააღმდეგობრივი სახე, ორი ბუნება. ხალიდ ჰოსეინი მრავალრიცხოვან პერსონაჟებთან ერთად 21-ე საუკუნის ჭრელ, თუმცა, ზუსტ სურათს ხატავს. ოჯახის წევრებს შორის პაექრობა, ახალი ურთიერთობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა და მათზე მზუნველთა ყოფა, ლტოლვილთა, ემიგრანტთა და მოგზაურთა ისტორიები – ეს და სხვა აქტუალური თემები, დრამატული ამბები რომანს სულმოუთქმელად საკითხავ წიგნად აქცევს. ხალიდ ჰოსეინის „მთებმა მთებს უთხრეს“ დიდ ადამიანურ დანაკარგსა და მისი ამოვსების რთულ გზას აღწერს და თანამედროვე ადამიანის ვნებებზე, ინტერესებსა და ბედზე გვიყვება.

"სიყვარული ჟამიანობის დროს" - გაბრიელ გარსია მარკესი 

„სიყვარულის ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო, – ამბობს გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, – იმდენჯერ მომისმენია მშობლებისგან ერთად და ცალ-ცალკე ნაამბობი, რომ თითქმის სრულყოფილად ვიცოდი, როდესაც ოცდაშვიდი წლის ასაკში ჩემი პირველი რომანი ფოთოლცვენა დავწერე. ვაცნობიერებდი, რომ თხრობის ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი. ჩემი მშობლები ბრწყინვალე მთხრობელები იყვნენ. სიყვარულის მოგონებები ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ იმდენად გაიტაცათ საკუთარმა ნაამბობმა, რომ, როდესაც თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემს რომანში – სიყვარული ჟამიანობის დროს – მათი ამბის აღწერა დავიწყე, უკვე ვეღარ ვარჩევდი, სად გადიოდა ზღვარი ცხოვრებასა და პოეზიას შორის“.

"კლარა და მზე" - კაზუო იშიგურო 

"ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?"