ერთა ლიგა - ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე

ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ ოლომოუცში ჩეხეთს შეხვდება. დიდი ალბათობით, B1 ჯგუფის გამარჯვებული ამ მატჩში გამოვლინდება. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები:

მატჩამდე ერთი დღით ადრე ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრის მასპინძელ „ანდრუვ სტადიონზე“ ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლაშა დვალი, რომელმაც უკრაინასთან თამაში ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის 7 ქულით B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთს 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს. ჩვენს გუნდს A ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ მოგება სჭირდება. გამარჯვების შემთხვევაში სანიოლის გაწვრთნილ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზეც უკეთეს კალათაში მოხვედრის უპირეტესობა ექნება.

ჩეხეთის ნაკრები:

ჩეხეთის ნაკრებში სერიოზული დანაკლისია. ალბანეთთან ყვითელი ბარათები მიიღეს და გუნდს ვერ დაეხმარებიან კაპიტანი, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ტომაშ სოუჩეკი და პრაღის „სლავიის“ ფორვარდი ტომას ჰორი.

მანამდე ჩეხებს დააკლდათ „ლევერკუზენის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი, ასევე მცველები – ლადისლავ კრეიჩი („ჟირონა“), მარტინ ვიტიკი („სპარტა“), ტომაშ ვლეჩეკი („სლავია“), იაროსლავ ზელენი („სპარტა“) და დავიდ ზიმა („სლავია“).

როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი ამბობს, სოუჩეკისა და ჰორის არყოფნა სტანდარტული მდგომარეობებისას გუნდს განსაკუთრებულ პრობლემას შეუქმნის.

ურთიერთშეხვედრები:

საქართველომ და ჩეხეთმა პირველად ევრო 2024-ზე ითამაშეს. ჰამბურგში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნები“ გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა, ხოლო საპასუხო გოლი პატრიკ შიკის ანგარიშზეა. მეორე დაპირისპირება სექტემბერში თბილისში გაიამრთა და სანიოლის გუნდმა მეტოქეს 4:1 სძლია. მასპინძელთაგან თავი ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინეს, საპასუხო გოლი კი ლუკას კალვაშმა გაიტანა.

მსაჯი:

შეხვედრას ბერძენი მსაჯი ანასტასიოს პაპაპეტრუ მოემსახურება, მისი ასისტენტები ასევე ბერძნები, ტრიფონ პეტროპოლუსი და იორდანის აპტოსოღლუ არიან, მეოთხე მსაჯი ალექსანდრო ცაკალიდისია, ხოლო VAR-ზე პასუხისმგებელი ანგელოს ევანგელუ იქნება.