საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს

საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვასთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, კონგრესში მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას.

"ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.