საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა ძალიან დიდი წარმატებაა და ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა.
„როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, დიდი წარმატება გისურვოთ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, წლების განმავლობაში მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამას თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. წარმატებული, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ასპარეზობისთვის ხვალ მიემგზავრება და A ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
