კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსს” სასამართლო მოუგო

კრიშტიანუ რონალდუმ თავის ყოფილ კლუბს, ტურინის „იუვენტუსს“ სასამართლო დავა მოუგო. იტალიური პრესის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ტურინის სასამართლომ მიიღო.

მოსამართლე ჯან ლუკა რობალდომ არ დააკმაყოფილა “ბებერი ქალბატონის” აპელაცია და ძალაში დატოვა 2024 წლის აპრილში გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ტურინელებმა პორტუგალიელ ფორვარდს 9.8 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

საქმე ეხებოდა 2021 წელს განვითარებულ მოვლენებს, როცა რონალდუმ “იუვენტუსი“ დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა. მხარეების დავის საგანს წარმოადგენდა ხელფასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ უნდა გადაეხადა თუ არა “ბიანკონერის” თანხა პორტუგალიელისთვის, რომელიც კოვიდპანდემიის პერიოდში ჰქონდა გადავადებული.

კერძოდ, დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ რონალდუს უნდა მიეღო 19.5 მილიონი ევრო, თუმცა ასეთი ტრანზაქცია პანდემიის დასრულების შემდეგ არ განხორციელებულა. მოგვიანებით საარბიტრაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რონალდუს ამ თანხის ნახევარი ეკუთვნოდა.

როგორც ცნობილია, პანდემიის გამო საფეხბურთო კლუბებს დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ, ამიტომ იმ პერიოდში დამკვიდრებული იყო პრაქტიკა, რომ ფეხბურთელები ხელფასის შემცირებაზე მიდიოდნენ, ხოლო კომპენსაციას მოგვიანებით, პანდემიის დასრულების შემდეგ მიიღებდნენ.