„დინამო თბილისმა“ მოლდოველი მეკარე დაიმატა

სტეფან სიკაჩი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„36 წლის მოლდოველმა მეკარემ, სტეფან სიკაჩმა დედაქალაქურ კლუბთნ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს პორტუგალიაში შეკრებაზე შეუერთდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

სტეპან სიკაჩი ტირასპოლის „შერიფის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, სადაც 2007 წლის იანვარში ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანეს. თამაშობდა გროზნოს „ტერეკში“, „ვოლგარ-გაზპრომში“, ბელგოროდის „სალუტში“, მოსკოვის „ტორპედოსა“ და „აფიპსში“.

საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და კონტრაქტი ფოთის „კოლხეთთან“ გააფორმა. სიკაჩი „დინამო თბილისში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. 2020 წელს „სამტრედიაში“ ჩაირიცხა. შემდეგ კარიერა ყაზახეთში გააგრძელა, სადაც ორ-ორი წელი „აკჟაიკისა“ და „ქაისარის“ ღირსებას იცავდა.

სიკაჩს მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.