პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
„ოთარ მამაგეიშვილი გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და გუნდის საკვანძო მოთამაშე გახლდათ, სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველადაც აღიარეს.
მამაგეიშვილმა ზედიზედ ორი სეზონი კონფერენს ლიგაზე ითამაშა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევრო 2023-ის მონაწილე. ასევე, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გასამართ ახალგაზრდულ ევროზეც ითამაშებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„ეს ცვლილება სასარგებლო იყო ჩემთვის. „ფამალიკაოს“ მასშტაბები მარწმუნებს, რომ ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი. როგორც კი კლუბიდან მიწვევა მივიღე, აღფრთოვანებული დავრჩი. „ფამალიკაოს“ პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების დამოკიდებულება იყო მთავარი, რის გამოც საქართველო დავტოვე და ახალ გამოწვევას დავთანხმდი.
მოხარული ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვითამაშებ, აქ მიღებული გამოცდილება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადებაში დამეხმარება“, – განაცხადა ოთარ მამაგეიშვილმა.