საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.
საპრეზენტაციო ვიდეო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა განათავსა. ეროვნული გუნდი აღნიშნული მაისურით ივნისში ამხანაგურ მატჩებს ფარერის კუნძულებსა და კაბო ვერდესთან ჩაატარებს. ასევე, ამ ფორმით იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც სექტემბერში დაიწყება.
ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ მაისურით იასპარეზებს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატზე.
ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის უნიფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია „მაკრონთან“ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. მაისურის დიზაინში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ეროვნული ნაკრების ბრენდბუქის ელემენტებთან ერთად, გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები.
მაისური, სიმბოლურად, 27 მაისს წარადგინეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1990 წლის 27 მაისს ლიეტუვასთან ჩაატარა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ფარერის კუნძულებს 5 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს 8 ივნისს შეხვდება.