მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ს ჩემპიონია. ნიუ ჯერსიში გამართული UFC 316-ის ფარგლებში ქართველმა მებრძოლმა შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა განაცხადა, რომ ორკვირიან შესვენებას იღებს, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდება და ილია თოფურიას დაეხმარება, რომელსაც 29 ივნისს მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ბრძოლა ელის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან.
„ორკვირიან შესვენებას ვიღებ. ჯერ საქართველოში მივდივარ ერთი კვირით მეგობრებთან ერთად. იქ კარგი ადგილებით და საკვებით ვისიამოვნებთ, შემდეგ კი ერთი კვირით აზერბაიჯანში ვიქნები.
ორ კვირაში დავბრუნდები და ილია თოფურიას ბრძოლისთვის მზადებაში დავეხმარები. ამის შემდეგ, UFC-ს შეუძლია, დამირეკოს და ბრძოლა ჩამინიშნოს“, – განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენ-პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.