ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ნიუ ჯერსიში მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ტურნირის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ ატლანტაში 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს პარიზელები ცხრა ფეხბურთელით დარჩნენ, მსაჯმა უილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი გააძევა. ფიფა-ს რეგლამენტის მიხედვით, ამ მოთამაშეებმა ორმატჩიანი დისკვალიფიიკაცია მიიღეეს და მათთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დასრულებულია.
რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, ხაბი ალონსოს გაწვრთნილებმა მეოთხედფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ 3:2 სძლიეს. აღნიშნულ მატჩში ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა კილიან მბაპემ, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა და გუნდს მხოლოდ მერვედფინალიდან შეუერთდა.
ესპანური ფეხბურთის გრანდიც ნახევარფინალური ეტაპის მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ვერ დაეხმარება ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი, რომელიც ასევე დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ დავიდ ალაბა, ენდრიკი და ფერლან მენდი.
„რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ერთმანეთს ბოლოს 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. აღნიშნული მატჩი ესპანელებმა 3:1 მოიგეს, სამივე გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელიც იმ წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 13 ივლისს ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ინგლისურმა გუნდმა ნახევარფინალში ბრაზილიურ „ფლუმინენსეს“ სძლია.