ლონდონის „ჩელსი“ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ინგლისურმა გუნდმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.
ისტ რუზერფორდის (ნიუ ჯერსი) „მეტლაიფ სტედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპიც დაესწრნენ.
„პარი სენ-ჟერმენს“ სეზონში მეოთხე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა — გუნდი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
შეხვედრაში „ჩელსი“ 22-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად კოულ პალმერის გოლით დაწინაურდა, რომელმაც ცხრა წუთში დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში საგოლე პასი მალო გუსტომ გაიფორმა, ხოლო მეორე გოლის დროს ასისტი ლივაი კოლუილმა ჩაიწერა აქტივში.
43-ე წუთზე ჟოაო პედროს გოლით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უკვე 0:3 აგებდა, პალმერმა თავი ამჯერად საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „ჩელსის“ ტურნირის მიმდინარეობისას შეუერთდა. მან ნახევარფინალში „ფლუმინენსესთან“ დუბლის შესრულებაც მოახერხა.
წყარო: პირველი არხი