ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოვლინდა - სეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო და სურსათში შეუსაბამობები გამოავლინა.
სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, არ შეიძინონ ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, სადაც არაა დაცული შენახვა-რეალიზაციის მოთხოვნები.
"მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სახელმწიფო კონტროლი ტარდება სასაკლაოებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და საწარმოებში.
სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, მონიტორინგის ფარგლებში, სარეალიზაციო ქსელიდან აღებული სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
შეუსაბამობის გამოვლენის გამო, ბიზნესოპერატორს დაევალა შპს „ახალი გემო 2019“-ის (ხაშური, რუსთაველის 10; ს/კ 443867763) წარმოებული გაყინული ქაბაბის (დამზადების თარიღი: 25.08.2025; ვარგისიანობის ვადა: 25.10.2025) ბაზარზე განთავსების აღკვეთა და ბაზარზე განთავსებულის ამოღება, რაზეც ზედამხედველობა სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს.
გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტებმა კრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირეს ქ. სამტრედიაში, არალეგალურ სასაკლაოზე (ფ/პ როინ ბურკაძე). ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ფ/პ როვშან გიულმამედოვი). ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე დაკლულ პირუტყვის ხორცს ჯანმრთელობის ნიშანდება არ ჰქონდა.
სააგენტოს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოების უფლებამოსილმა პირებმა ორივე დამრღვევის მიმართ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიმდინარე წელს ჩატარებული 5100 სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილია 449 სამართალდარღვევა",- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
