ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი... - 7 თვეში ექსპორტი $3.8 მილიარდამდე გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით 14 მლრდ 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 7 თვეში ექსპორტი 3 მილიარდ 845 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 დოლარი, ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 10.8%-ია.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, 2025 წლის იანვარ-ივლისში, გაიზარდა და 6 მილიარდ 465 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.

ოფიციალური მონაცემებით, ვაჭრობის მაჩვენებელი მხოლოდ ივლისში შემცირებულია. მე-7 თვეში ექსპორტი 10.8%-ით 610.4 მლნ დოლარამდე, იმპორტი კი 6.6%-ით, 1 მილიარდ 464 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის იანვარ-ივლისში TOP-10 საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% დაიკავა. ისევე როგორ წინა პერიოდებში, ექსპორტის დიდი ნაწილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის და აქედან გამომდინარე საექსპორტო გეოგრაფიაში ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი ლიდერობენ. ამასთან, წელს 7 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ანუ მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი პარტნიორები არიან. TOP-10 ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ყირგიზეთი - $815.5 მლნ, ზრდა - 38.8%;
  2. ყაზახეთი - $494.7 მლნ, ზრდა - 10.8%;
  3. რუსეთი - $411.9 მლნ, ზრდა - 1.4%;
  4. აზერბაიჯანი - $400.2 მლნ, კლება - 0.1%;
  5. სომხეთი - $290 მლნ, კლება - 16.1%;
  6. თურქეთი - $196 მლნ, კლება - 31.6%;
  7. ჩინეთი - $185 მლნ, ზრდა - 5.3%;
  8. ბულგარეთი - $108 მლნ, ზრდა - 166.6%;
  9. უზბეკეთი - $103.9 მლნ, ზრდა - 56.5%;
  10. შვეიცარია - $66.1 მლნ, ზრდა - 7.8%.

 

2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი როგორც აღვნიშნეთ, მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რაც სრულად რეექსპორტია და 1 მილიარდ 479 მილიონ დოლარს შეადგენს და მთელი ექსპორტის 38.5%-ია. უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან კი ამ პერიოდში ადგილობრივად წარმოებული ღვინის, სპირტიანი სასმელების და ფეროშენადნობების ექსპორტია შემცირებული.

საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $1.4 მლრდ, ზრდა - 24%;
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $202.9 მლნ, ზრდა - 73.1%;
  3. სპირტიანი სასმელები - $148.1 მლნ, კლება - 8.7%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $145.4 მლნ, კლება - 16.6%;
  5. ფეროშენადნობები - $107.3 მლნ, კლება - 46.7%;
  6. მინერალური წყლები - $100.2 მლნ, ზრდა - 3.5%;
  7. შაქრის შემცველობით მინერალური და გაზიანი წყლები - $98.4 მლნ, ზრდა - 30.6%;
  8. აზოტოვანი სასუქები - $81.9 მლნ, ზრდა - 11.6%;
  9. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $71 მლნ, ზრდა - 12.5%;
  10. დაუმუშავებელი ოქრო - $68.4 მლნ, ზრდა 17.3%;