2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხელი ხაზი და რთველის საკოორდინაციო შტაბი რთველის დაწყებისთანავე ამოქმედდება. შტაბი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანშია განთავსებული 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
„სახელმწიფო აგრძელებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. რთველის დაწყებისთანავე ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებსა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება. დამატებითი ცხელი ხაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს; შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი.