"მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის" - პრემიერი

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში.
ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული.  აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების,  ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა - 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის.

განხორციელდება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი. ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის, ე.წ. „კუკუშკის“ განახლება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც.

მთლიანობაში, საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც, ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში, ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, სწორედ, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა. 

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. 
მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში.  1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს. ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 
ოპტიმიზაციის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.

 

„ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება. ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე  ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა კონცენტრირებულია ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე.

 

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე. მთავარი არის ის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე. ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

„მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ექსპერტული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა გაგრძელდეს ამ რეჟიმში მუშაობა. რაც მთავარია, გონივრული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მათ შორის, ფარმაცევტული მაფიის ინტერესები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავარია, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ ყველა თემასთან დაკავშირებით ისე, რომ გონივრულად დაიხარჯოს თითოეული თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მილიარდიც კი არავის დაენანება, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულ შედეგზე გათვლილი, მთავარია, ჩვენ მივიღოთ გონივრული და ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები,“- აღნიშნა პრემიერმა.