სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონკრეტულად ამ დასკვნას იმიტომ გახსენებთ, რომ აჭარა ერთ-ერთი რეგიონია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. აუდიტის ანგარიში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, სახელმწიფო მაკონტროლებლებს გენერალურ პროკურატურაში არ გადაუგზავნიათ, მაგრამ საინტერესოა, რა ფინანსური დარღვევები გამოვლინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ერთი შეხედვით, ფინანსურ აუდიტში სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ არის, თუმცა სახელმწიფო აუდიტის შედეგად, გარკვეული ნაკლოვანებები მაინც გამოიკვეთა და მათ გამოსასწორებლად, ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებლებმა მთელი რიგი რეკომენდაციებიც კი შეიმუშავეს.
ხარვეზები ფინანსურ ანგარიშგებებში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ 97% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე აღრიცხულია 5 935 687 ლარის ღირებულების მიწა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრამდე პრივატიზებულია, ან გადაცემულია უვადო სარგებლობა-საკუთრებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული აქტივები არ უნდა ირიცხებოდეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის და შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში - „დაუმთავრებელი მშენებლობა“, 2022 წლის ბოლოსთვის, შეადგენს 20 207 475 ლარს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 5 031 043 ლარის აქტივები ფაქტობრივად დასრულებულია და შესულია ექსპლუატაციაში, თუმცა ისინი შესაბამის მუხლებში არ არის გადატანილი. კერძოდ, 2 893 363 ლარი დასრულებული გზების/ხიდების მშენებლობაა, 948 738 ლარი - განხორციელებული საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება, ხოლო1 188 942 ლარი - ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯები.