"ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას" - ირაკლი კობახიძე

დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს. 

 

„ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე გვქონდეს კონსულტაციები ბიზნესთან. 

 

ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ გვქონდა აქამდე 4 ასეთი მოვლენა და ოთხივე შემთხვევაში გვქონდა მოკლევადიანი რყევა, თუმცა ძალიან მალე დავუბრუნეთ ქვეყანა განვითარების სწორ მიმართულებას, კონკრეტულად ბიზნესი დავუბრუნეთ განვითარების სწორ მიმართულებას. აქაც მოხდება იგივე, როგორც იყო მცირე რყევა რამდენიმედღიანი ლარის კურსის შემთხვევაში, ასევე ძალიან მალე დაუბრუნდა თავის ნიშნულს ლარის კურსი და კიდევ უფრო დასტაბილურდება და იგივე ეხება ბიზნეს აქტივობებსაც. მაშინაც იყო მოკლევადიანი რყევები და იმის გამო, რომ საერთო მაკროეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი,  ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება ხოლმე პირვანდელ მდგომარეობას. აქაც მოხდება ზუსტად იგივე, უკვე დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება. 

 

„რადიკალურ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა მცდელობა ჩაუვარდა, მათ შორის ჩაუვარდა ბიზნესზე ზეწოლის მცდელობაც. რაღაც პატარა შედეგს მიაღწიეს, თუმცა ვერავითარი არსებითი შედეგი ვერ მიიღეს. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება ერთადერთი, ბიზნესის თავისუფლებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება, მათ შორის ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება იმ ბიზნესსუბიექტების თავისუფლებასაც, რომლებიც ასეთ აქტებს შეუერთდნენ, ჩვენი დამოკიდებულება არის ცალსახა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რა ხელწერაც ჰქონდათ მმართველობის პირობებში 2012 წლამდე, ზუსტად იგივე ხელწერით მოქმედებენ დღესაც ბიზნესში შეჭრა, ბიზნესის თავისუფლების ხელყოფა, ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა 2012 წლამდე და აქაც იკითხება, ზუსტად იგივე ხელწერა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.