საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.