2024 წლის 11 თვეში საქართველომ თითქმის 2.6 მილიარდი მ³ გაზი მოიხმარა. 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზის მოხმარება მცირედით შემცირებულია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებიდან ირკვევა.
გაზის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გაზზე მომუშავე თბოსადგურებია. გასულ წლებში ელექტროენერგიის მაღალი საექსპორტო ფასის გამო მთავრობა თბოსადგურებს ამუშავებდა, თუმცა შარშან თურქეთში დენი გაიაფდა, რის გამოც, სავარაუდოდ, არ უღირდა სახელმწიფოს თბოსადგურები ემუშავებინა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ³-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება. საქსტატის ინფორმაციით, 11 თვეში აზერბაიჯანს საქართველომ ბუნებრივ აირში 217.6 მლნ დოლარი გადაუხადა.
საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წელს ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.