უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვეატიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება.
საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტია ფარგლებში გაფორმდა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების
ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ.
დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან - დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება.
პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შედგა მაღალი დონის შეხვედრები.
„ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, მის აღმატებულება, პრეზიდენტთან, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე პროექტის განხორციელებაც დაიწყება. ეს კომპანია თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი. ეს ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, თბილისის, აჭარის განვითარებას. სამუშაო ადგილები შეიქმნება. ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის “, - განაცხადა პრემიერმა.