"საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს" - Emaar ჯგუფის დამფუძნებელი

უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უდიდესი პატივია 30-წლიანი გამოცდილება გავუზიაროთ ურბანული განვითარების სფეროში ჩვენს ქართველ პარტნიორებს თბილისსა და ბათუმში, -  ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.

„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ  თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სრულიან მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ.
შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.
ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს - ყველაფერს ვაშენებთ!
ამდენად, მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა, ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა”, -  განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

„ამ საოცარ ქვეყანაში - საქართველოში - ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე,“- განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი დიდ გავლენას იქონიებს ქვეყანაში როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 

 

„ ასეთი მასშტაბური პროექტების გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე უზარმაზარია. როგორც წესი, ასეთი პროექტების შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-4 %-ით იმატებს ხოლმე; მას გავლენა აქვს დასაქმებაზეც როგორც მშენებლობის ფაზაში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რადგან ხდება კონტრაქტორების, არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, მომწოდებლების ჩართვა აღნიშნულ პროცესში. ბიზნესის კეთების პროცესში არა მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებთ, არამედ მოწინავე ეკოლოგიურ პრაქტიკას ვიცავთ. ახლა ხომ ცოდნის გაზიარების და გარემოს დაცვის ეპოქაა! ვუფრთხილდებით ხეებს, ჩიტებს, წყალს; თან ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სახელმწიფო შემოსავლებზე, რადგან მეტი გადასახადის მობილიზება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში; ხალხის საქმდება და სარგებელს ყველა გრძნობს. ამდენად,   მშპ-ს ჭრილში 3+ იქნება მატება. არ დაგვავიწყდეს ამ პროექტის გავლენა ტურიზმის სფეროზე. უზარმაზარი იქნება ისიც! ჩემს დუბაის სავაჭრო ცენტრს 110 მლნ ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ამ რაოდენობის მომხმარებელი დუბაისთვისაც დიდი მაჩვენებელია,“- აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.