საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 76 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 72 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 48 ევროს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 110%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა, რაც რუსეთსა და აზიურ სახელმწიფოებს შორის ნავთობით ვაჭრობას მნიშვნელოვნად ართულებს.
ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული, რადგან აღნიშნული რეგიონი ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია.
ამასთან, 2025 წლის იანვრიდან ევროპაში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი სრულად შეწყდა. საერთო ჯამში, ამ მარშრუტით ევროკავშირის საერთო მოთხოვნის 5% კმაყოფილდებოდა, განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წარმოდგენილ სახელმწიფოებში იყო, მაგალითად, სლოვაკეთში, რომელსაც ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოუწია გადართვა.
გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში გაზს სეზონური გაძვირება ახასიათებს, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ფასზე დადებითად აისახება. თანაც 2025 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა ის ლიმიტი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა და გაზის მოხმარებას ზღუდავდა. ამ ლიმიტის გაუქმებამ კი, თავის მხრივ, მოთხოვნის ზრდა და ბუნებრივი რესურსის გაძვირება გამოიწვია.