ცნობილია ქილერის ვინაობა, ვინც ვაკეში „კანონიერი ქურდის“ ძმა ჩაცხრილა

"პირველებისთვის" თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. წყარო ძალოვანი უწყებიდან ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელიც ვაკეში სათვალთვალო ვიდეკადრებში ჩანს. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ის 50 წლამდე გელა უძილაურია. წყაროს ცნობითვე, გუშინვე ჩატარდა ჩხრეკა თბილისსა და კაცეთში, უძილაურის საცხოვრებელ სახლში.

ამ დრომდე უცნობია დაკავებულია თუ არა უძილაური. არსებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, თუმცა უცნობია, არის თუ არა ის 50 წლის მამაკაცი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, ჰყავს თუ არა საქმეზე დაკავებული და არის თუ არა ქილერი უძილაური.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე გახმაურებული მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. ჩაცხრილულია ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე, რომელიც შაბათის ეთერის ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.

ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური ავტორიტეტის ძმა 22:00 საათის შემდეგ ჩნდება. ცალმხრივი მოძრაობის გამო, მძღოლი ლევან ჯანგველაძის ავტომობილს ჭავჭავაძის 9 ნომერში აჩერებს, 7 ნომრამდე კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევს, სადაც ქილერი მას ჩასაფრებას უწყობს და 9 ტყვიას ესვრის. 

წყარო:ტვპირველი

მოკლული კაცი, „კანონიერი ქურდის“ ძმაა