სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სახელმწიფო საზღვრის კვეთა აეკრძალა.
შემდეგი პროცესი 14 მაისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარედგინა. ის წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაზე" ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ყოფილმა მინისტრმა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აღნიშნული მუხლით ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ აღკვეთის სახით, 50 000-50 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.