"ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა" - ყაზბეგში მომხდარ მკვლელობაზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებულ ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

„დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.