საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
საქართველოდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს, ჯამში, 41 მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში, უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ორგანო. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.