ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე რვა პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ო., 1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული რ.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე, 1976 წელს დაბადებული შ.შ.

შსს-ს ცნობით, დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117 -ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.