ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ფ.გ.

სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ლ.ქ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე „კანაფი“, „მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.

ფ.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.