"კოკაინი", „ექსტაზი" და "ჰეროინი" - შსს-მ ბელორუსის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის ორი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.