თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული და არათანმიმდევრულობაც სწორედ ამ სისუსტის გამოვლინებაა.
„არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება, რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არის 64/64 - ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.
რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-დან 38 მანდატის მიღება მინიმუმ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას შეუძლია შექმნას ფრაქციები საკრებულოებში.
„ვფიქრობ, არაერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუძლია, შექმნას ფრაქციები საკრებულოებში. ეს არის მათი შანსი. დანარჩენი რაც შეეხება ჩვენს ამოცანას - 64 64-ზე - 64 მერი, 64 საკრებულო, თბილისში პირველი ტური და მინიმუმ 50-დან 38 საკრებულოს წევრი. ეს არის ჩვენი მკაფიო ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით 100%-ით შევასრულებთ ამ ამოცანას“, - განაცხადა პრემიერმა.
ხოშტარია, კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი - ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს რომ ფულს შოულობ რუსული მხარის ხარჯზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს, IDFI-ს ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ადამიანები 2022 წელს ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრემიერის განცხადებით, მათ სურდათ, რომ ჩამოქცეულიყო ქვეყნის ეკონომიკა.
„აქ მთავარი საკითხი არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, რომ ეს ადამიანები კოლექტიურად ითხოვდნენ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მათ უნდოდათ, რომ ჩამოქცეულიყო ჩვენი ეკონომიკა. მინიმუმ 10%-იან ვარდნას გამოიწვევდა 2022 წელს ჩვენს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს ადამიანები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა ამავდროულად, ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ხოშტარია, კლდიაშვილი, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი - ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს - ფულს შოულობენ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე, ან ზოგადად, რუსული მხარის ხარჯზე. ეს ადასტურებს იმას, რომ არაფერი ღირებულებები ამ ადამიანებს არ აქვთ. ისინი არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მოტივით. მათ შორის, ეს ეხება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. გრანტს, დაფინანსებას იღებენ საქართველოს ხელისუფლებისგან, თან არ უნდათ აღიარონ საქართველოს ხელისუფლება. ესეც ბუნებრივია, არის ორმაგი სტანდარტი, რაც აჩვენებს ამ ადამიანების, უცხოელი აგენტების სრულიად მძიმე სახეს“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და, სწორედ, ეს არის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი.
„მხოლოდ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულებს რაც შეეხება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ეკონომიკის ზრდის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მთავარი აქცენტი კეთდება ეკონომიკის ზრდაზე და ძალიან ბევრი სტრუქტურული ცვლილება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ ის ცვლილებები რაც ხორციელდება, მათ შორის, ოპტიმიზაციის მიმართულებით, არამარტო შტატების, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით, ახალი ინიციატივების შეთავაზებით, წელსაც უკვე გამოჩნდება სიახლეები, მაგრამ მომავალ წელს ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, გასულ 4 წელს თუ ავიღებთ და ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს პირველი პოზიცია და შემიძლია დაგპირდეთ, რომ აუცილებლად გვექნება შემდგომი წინსვლა ამ კუთხით,“- განაცხადა პრემიერმა.