ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აშშ-სთან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს,“- განაცხადა პრემიერმა.
ჩვენთვის მთავარია დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეწყდეს ადამიანების სიცოცხლის გაწირვა ამ ომში, რაც უმძიმესი მოვლენაა.
„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ისტორიულად, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და იღუპება ამდენი ადამიანი, უამრავი ადამიანი, რაც უბრალოდ ტრაგედიაა და ეს ტრაგედია უნდა შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოვდიოდით სწორედ მშვიდობის მხარეს, მაშინ, როდესაც იგივე შიდა ოპონენტები თუ გარე ოპონენტები პირიქით, ეწეოდნენ ომის ღია პროპაგანდას, ან ხანდახან ირიბ პროპაგანდას, გვთხოვდნენ ჩვენ კულისებში ომის დაწყებას და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.