"გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში" - პრემიერი


შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი არის ახალი სივრცე ცოდნისთვის, განვითარებისა და სტუდენტების მომავალი წარმატებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით.

„ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დღეს იხსნება ზუგდიდში. ეს არის თანამედროვე სასწავლო კორპუსი, ახალი სივრცე ცოდნისთვის, განვითარებისა და სტუდენტების მომავალი წარმატებისთვის. ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით. ეს არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ რეგიონში, რომელიც ახორციელებს, როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიულ პროგრამებს. ორივე მიმართულება არის თანაბრად მნიშვნელოვანი განათლების სისტემისთვის და კონკრეტულად ამ რეგიონში განათლების გავრცელებისთვის. ეს უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან. ეს კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. 

ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას სძენს უნივერსიტეტის მდებარეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. ის ფაქტი, რომ სტუდენტების 40% აფხაზეთიდან დევნილი ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდაა, თქვენი უნივერსიტეტის მისიის გამორჩეულობას უსვამს ხაზს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნივერსიტეტს აქვს პროგრესის შთამბეჭდავი ისტორია ბოლო წლების განმავლობაში. 

„სულ რაღაც 18 წლის წინ, აქ 37 სტუდენტი სწავლობდა, დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლობს  2000 სტუდენტი, რაც მეტყველებს ძალიან სწრაფ წინსვლაზე, რომელსაც განიცდის ეს უნივერსიტეტი. ეს წინსვლა და პროგრესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. 

თვალსაჩინოა აკადემიური ზრდაც. სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა სრულფასოვან უნივერსიტეტად, რომელსაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს. საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან. ესეც არის მნიშვნელოვანი, ინტერნაციონალიზაცია ამ უნივერსიტეტის არის ძალიან მნიშვნელოვანი. 
ეს პროცესი მიმდინარეობდა სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერის ფონზე, რაც ბოლო წლებში, მათ შორის, გამოიხატა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო ამ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებას და სტუდენტებს მისცემს, პირველ რიგში, იმის საშუალებას, რომ უკეთ დაეუფლონ ცოდნას შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის შემდგომი მხარდაჭერაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.

 

„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.