ძალიან ადვილია აგენტის ამოცნობა, რაც არ უნდა რებრენდიგი უკეთო, გინდა „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობის მქონე ადამიანი ჩასვა სიებში, გინდა სხვანაირი ადამიანი ჩასვა სიებში, აგენტი ამოიცნობა ადვილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგენტად კარგ ადამიანს ვერ შეარჩევ, აგენტი ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უვარგისი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ არის აბსოლუტურად ლოგიკური ჩაკეტილი სივრცე.
„რეალურად ჩანს, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი, ნახეთ, რომ წინა არჩევნების შემთხვევაში, „დიფ სთეითის“ მთავარი ამოცანა იყო, „ნაცმოძრაობა“ გადასულიყო ოპოზიციაში მეორე ადგილზე და პრინციპში ეს შედეგი ვიხილეთ. მაგრამ ისიც ნახეს ამ ადამიანებმა, რომ ვიდრე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული პირები არიან ჩვენი ოპონენტები, ვერაფერს ვერ გვიშვებიან, ვერ გვერევიან. ახლა გადაწყვიტეს, რომ ვინც იყო უშუალოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებული - „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისინი ჩამოშორდნენ პროცესს და დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ იკავებდნენ თანამდებობებს წინა ხელისუფლების პირობებში. ეს არის „ლელო“, გარდა ზოგიერთის სამადაშვილი და ასეთები მათაც ჰყავთ, მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძე მართალია, იყვნენ ჩართული მძიმე სქემებში წინა ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ თანამდებობებს არ იკავებდნენ. აქეთ არის გახარია, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობდა მაშინ საქართველოში და ფიქრობენ, რომ ასე უფრო ადვილი იქნება „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, თუმცა ესეც განწირულია. ამ სცენარის პირობებში 65 პროცენტი გახდა ჩვენი რეიტინგი.
მთავარი პრობლემა რა არის - ძალიან ადვილია აგენტის ამოცნობა, რაც არ უნდა რებრენდინგი უკეთო, გინდა „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობის მქონე ადამიანი ჩასვა სიებში, გინდა სხვანაირი ადამიანი ჩასვა სიებში, აგენტი ამოიცნობა ადვილად. საზოგადოება ძალიან ადვილად ცნობს უკვე აგენტურას, რაც არ უნდა დაარქვა, როგორი რებრენდინგიც არ უნდა გააკეთო, ისე მარტივად ამოიცნობა ეს აგენტურა, ყოველთვის აგებენ და მომავალშიც წააგებენ არჩევნებს. წააგებენ 2028 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს და 2032 წელსაც საპარლამენტო არჩევნებს. აგენტად კარგ ადამიანს ვერ შეარჩევ. აგენტი ავტომატურად ნიშნავს, რომ არის უვარგისი ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოღალატე, ამიტომ აქ არის აბსოლუტურად ლოგიკური ჩაკეტილი სივრცე. იმიტომ, რომ შენ გინდა მაინცდამაინც აგენტს ამართინო ეს ქვეყანა, გიწევს პოლიტიკოსებად შეარჩიო აბსოლუტურად დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანები, როგორებიც არიან იგივე ხაზარაძე, გახარია, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე, მელია და სხვები. ეს ლოგიკური ჯაჭვია, რადგან აგენტი გინდა მოიყვანო ხელისუფლებაში, აგენტად როგორ შეიძლება კეთილსინდისიერი და ჯანსაღი ადამიანი შეარჩიო, ამიტომ უწევთ ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც არიან მახინჯი აზროვნების მქონე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთადერთი ამოცანა და დავალება, რაც აქვს მათთვის პატრონებს ქვეყნის გარედან, ეს არის რადიკალიზაცია.
„რაც შეეხება კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლას, ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთადერთი ამოცანა და დავალება, რაც აქვს მათთვის პატრონებს ქვეყნის გარედან, ეს არის რადიკალიზაცია. ისინი თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს. სად შეუძლიათ გახარიას, ხაზარაძეს, ან რომელიმე სხვას, თავისი დამოუკიდებელი ნებით გადაწყვეტილების მიღება. არიან ჩვეულებრივი აგენტები, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ერთადერთი დავალებაა რადიკალიზაციაა და იძულებულები არიან, შეინარჩუნონ ეს რადიკალიზაცია. მათ ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ, რომ რაიმე კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ. შევიდნენ, პირობითად, თბილისის საკრებულოში და იმსჯელონ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება გადაისინჯოს ქალაქის განაშენიანების საკითხები. ან გამწვანების საკითხები, საბავშვო ბაღებში რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს. ამის ელემენტარული ინტელექტუალური რესურსიც არ აქვთ. მით უმეტეს, ეს არ არის მათი დავალება. მათი დავალებაა რადიკალიზაცია. არც რესურსი და არც დავალება არ უწყობთ ხელს. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ ეს ორი პარტია რაღაცნაირად კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება.
„სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და მათ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ინერციით ინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, საკმაოდ მაღალ დონეს, რაც დააგროვა უწყვეტი, 60-წლიანი მშვიდობის პერიოდში, მაგრამ ტენდენციები არის უმძიმესი. ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და შემცირებულია 17.5 %-მდე. ეკონომიკა არის ტაბუდადებული თემა. თქვენ რომ ნახოთ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით , ბიუროკრატების მონაწილეობით, ეკონომიკაზე არავინ საუბრობს. წარმოიდგინეთ, ამხელა ვარდნა აქვთ, რაც ნიშნავს პოლიტიკური გავლენების რადიკალურად განახევრებას და ამაზე საერთოდ არ საუბრობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე იმართებიან გარედან, არ აქვთ დამოუკიდებელი დღის წესრიგი და ვინც გარედან მართავს, იმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროპის განადგურება - ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის რადიკალურად დასუსტება და იდენტობის დაკარგვა ევროკავშირისთვის. ხედავთ, რამხელა წარმატებას აღწევენ - ეკონომიკა ჩამოვიდა 17.5 %-მდე 30 %-დან და რაც შეეხება იდენტობას, პირველ რიგში, მიგრაციის გამო არის კატასტროფული პრობლემები, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მაგალითად, ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი, ბერლინში - გერმანიის დედაქალაქში ასევე ყველაზე ხშირად დარქმეული სახელია მუჰამედი. იდენტობას კარგავენ, რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას. გერმანიაში 50 %-ს ჩამოსცდა უკვე ქრისტიანობის ხვედრითი წილი, რელიგიური იდენტობა პირდაპირ იკარგება. ეს არის კატასტროფული ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით და ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია შედგება არსებითად აგენტებისგან, რომლებიც მოქმედებენ გარე ძალების კარნახით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გვქონდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინი. თუ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება. დავიტოვოთ იმედი, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება და თუ მალე დასრულდება, შეიძლება გაჩნდეს ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივები. აშშ-სთანაც ვართ მოლოდინის რეჟიმში,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არის ნული არგუმენტი. ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად, ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად. ამის მომსწრე ხომ ჩვენ ვართ საქართველოში. როგორ ხდებოდა USAID-ის და NED-ის თანხების გამოყენება საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში. ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ ჩვენ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ მოსწონთ ეს კანონი, რადგან გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ ისეთი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მოწყობისკენ.
„წელიწადში ერთხელ უნდა გამოაქვეყნო ფინანსური დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია ამ კანონში და არის რბილი სანქციები არგამოქვეყნებისთვის. პარტიების კანონი რომ ნახოთ, იგივე ევალებათ პარტიებსაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით, უფრო და უფრო ხშირად და სანქციები არის ბევრად უფრო მკაცრი. ენჯეო რომ ხარ, მიდი და წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია. როგორ შეიძლება, ამას უწოდო ენჯეოების გაქრობის მცდელობა, რატომ არ მოსწონთ ეს კანონი, იმიტომ, რომ გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ ისეთი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მოწყობისკენ. გახსოვთ კანვასის ტრენინგები და უამრავი სიმახინჯე. არა მარტო რევოლუცია, იქ ეკლესიაზე თავდასხმა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა, სიცრუისა და ყველანაირი ტყუილის გავრცელება და მახინჯი პროპაგანდა რისთვისაც ფინანსდებოდნენ კონკრეტული ე.წ. მედიასაშუალებები, რომლებიც ენჯეოების სახით ფუნქციონირებს, ყველანაირი სიმახინჯე. ნარკორიტების პოპულარიზაცია, ამ ყველაფერს აფინანსებდნენ გაუმჭვირვალედ. კანონი არ მოსწონთ სწორედ იმის გამო, რომ ამის გაგრძელება უნდოდათ. ვერ ახერხებენ იგივეს გაკეთებას გამჭვირვალედ, საზოგადოების აგრესიას ხომ ნახავენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორ შეიძლება საზოგადოებას მოეწონოს ისეთი რამის დაფინანსება, რაც ითვალისწინებს ეკლესიაზე თავდასხმას, ნარკოტიკების პოპულარიზაციას, რევოლუციის მოწყობას.
„ამ სიმახინჯეს, რასაც შტაბის წინ ვხედავთ, გადაგვარებულ ადამიანებს. აქ გარეგნობაზე კი არ მაქვს აქცენტი, მაგრამ ისე დაუმახინჯეს სულები ადამიანებს, უკვე გარეგნობაზე გამოიხატება ეს ყველაფერი. ეს ხომ უბედურებაა? ამის წინააღმდეგ არ უნდა მიიღო კანონი. უნდა დაგიმახინჯონ შენი თანამოქალაქეები სულიერად. უნდა შთააგონონ ათასი უბედურება, ქალი ქარს აღარ უნდა ჰგავდეს და კაცი კაცს. ქართველი ქართველს არ უნდა ჰგავდეს, უნდა იცინოდნენ ადამიანის მკვლელობაზე. ფარჯიანებად უნდა იქცნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ბრაჭველებად. ეს ხომ კატასტროფაა, ეს ხომ უბედურებაა. ამას აკეთებდნენ სწორედ იმ გაუმჭვირვალე, მახინჯი დაფინანსებით, რაც ამ კანონით აღარ არის დაშვებული და გამჭვირვალობას ვითხოვთ.
როგორ შეიძლება იქცნენ, კოლექტიურ ფაქრჯიანებად, ბრაჭველებად და ნათია ჭკუასელებად ჩვენი თანამოქალაქეები. ეს ხომ კატასტროფაა. ამის წინააღმდეგ იქნა ამიღებული გამჭვირვალობის კანონი და ზუსტად იმიტომ უნდათ ამ კანონის გაუქმება, რომ კოლექტიური ფარჯიანები და ბრაჭველები გამოიყვანონ ინკუბატორივით ჩვენს ქვეყანაში და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ჯანსაღი, ჯანმრთელი ქართველები ქვეყანაში და არამარტო ქართველები, ჯანსაღი თანამოქალაქეები, სულიერი ადამიანები და არა გადაგვარებული და დამახინჯებული აზრონების მქონე ადამიანები.
„ქალები გამოდიან და ბილწსიტყვაობენ და მერე უნდათ კიდევ ქალქებად წარმოაჩინონ თავი. როგორ შეიძლება, ქალი ამ სიტყვებით იგინებოდეს, რასაც ჩვენ ვხედავდით. ქალს არ უნდა ჰქონდეს ქალის სახე, კაცს არ უნდა ჰქონდეს კაცის სახე, ქართველს არ უნდა ჰქონდეს ქართველის სახე, არაფერი არ უნდა ჰქონდეს, იდენტობა არ უნდა ჰქონდეს, ამას აკეთებდნენ ზუსტად ამ ენჯეოების დაფინანსებით და ათასი სიმახინჯის დაფინანსებით ჩვენს ქვეყანაში. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, ათასი ტყუილი ილაპარაკეს. აშშ-ის ელჩი გამოდიოდა და სამარცხვინო ტყუილებს ლაპარაკობდა ამ კანონთან დაკავშირებით, გამოდიოდნენ სამარცხვინო ენჯეოშნიკები, გამოდიოდნენ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ათას ტყუილს კადრულობდნენ, ნული დისკუსია და ახლა გამოდის ევროპული ბიუროკრატია და ითხოვს ამ კანონის გაუქმებას.
ჩვენ პრინციპები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს ბოლომდე დაცული და სხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, თუ სად არის ობიექტური ჭეშმარიტება და შესაბამისად მსგავს პერფორმანსებს არავითარი ფასი არ აქვს.
„ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდნენ. ერთი რაღაც ტაივანის „ენჯეოდან“ იღებს ფულს, ერთი სხვა მიმართულებით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ თანამშრომელი გახდა და ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. სამარცხვინო და ტრაგიკულია ეს ყველაფერი. სერგო ორჯონიკიძეც ტრაგიკული პიროვნება იყო, აგენტი გახდა და შემოუძღვა წითელ არმიას თბილისში, როცა ოკუპაცია განხორციელდა და როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო ის, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი, სალომე ზურაბიშვილი და ნებისმიერი ასეთი ადამიანი. საკმაოდ ვრცელია ასეთი ადამიანების ჩამონათვალი, სამწუხაროდ. მათი ტრაგედიაა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვისაც ტრაგედიაა ნებისმიერი ქართველი, რომელიც ღალატს სჩადის, რასაც გაგებით და ლოიალობით ვერ მოვეკიდებით. საინტერესოც არ არის, აქტუალურობა დაკარგა ამ ყველაფერმა, რადგან საზოგადოება აფასებს ობიექტურ სინამდვილეს. ადრე გახსოვთ, განსხვავებული დამოკიდებულება იყო. ერთი კუბილიუსი რაღაცას რომ იტყოდა, მთელი ტრაგედია იყო ჩვენს ქვეყანაში და ახლა აღარ არის ასე. საზოგადოება უყურებს იმას, თუ სად არის ობიექტური ჭეშმარიტება. რა არის მართალი და რა - არა. რაც არ უნდა ვაშინგტონიდან გაიგოს ტყუილი იმას ხომ არ გაჰყვება, გაჰყვება იმას,რასაც ხედავს საკუთარი თვალით, ამიტომ ასეთ პერფორმანსებს არავითარი ფასი არ აქვს,“- განაცხადა პრემიერმა.
ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ვერ ამბობენ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ამის თქმის ეშინიათ.
„არის ორი საკვანძო საკითხი, რაზეც ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება. ერთი უკავშირდება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს. ჩვენ ვკითხულობთ, რა არ მოსწონთ ამ კანონში? ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში. რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია. მარტივად წერია ასეთი რამ, რომ ერთნაირ სქესიანმა წყვილმა არ უნდა აიყვანოს არასრულწლოვანი შვილად. ვერც ეუბნებიან საზოგადოებას, რომ გინდათ თუ არა, ეს უნდ დაუშვან, მაგრამ თან, არ უნდა მიიღო ეს კანონი. წერია ამ კანონში, რომ არ უნდა მიხვიდე სამოქალაქო რეესტრში და თუ ხარ კაცი არ უნდა გქონდეს ქალად ჩაწერის უფლება. მარტივი რაღაცეები წერია ამ კანონში. ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის. არ მოსწონთ, იმიტომ, რომ უნდა გავრცელდეს მახინჯი პროპაგანდა. ეშინიათ ამაზე საჯაროდ საუბრის და შესაბამისად, ვერ ამბობენ. მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - განაცხადა პრემიერმა.