ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიურად მიდის მუშაობა, მთავარი არის მიმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა.
„ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადადა არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
„თავისთავად, ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სუს-ი და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ე.წ. დამხობასა და ა.შ. ესეც არის ის საკითხი, რითაც უნდა დაინტერესდეს სუს-ი. ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ დავუშვებთ და რეაგირება გვექნება მკაცრი,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.
„ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. რომ აიღოთ ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს არ ჰგვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ დავიცავთ ბოლომდე გამჭვირვალობის კანონს, რადგან ეს კანონი არის პირველ რიგში კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ სახედაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. თქვენ ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები საარჩევნო შტაბის წინ. ლიბერალ-ფაშისტები, სახედაკარგული ადამიანები, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ისინი ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია, რეაგირებაც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გედი ფოფხაძემ გააგრძელა ის ხაზი, რომელიც აჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, რომელმაც სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით,
„გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ იმსახურებს. მთავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცის“ და რადიკალური ოპოზიციის სახე. კონკრეტული „ნაცები“, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჭკუასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას აშშ-ში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე, ამ ადამიანების კიდევ ერთი გაგრძელება, აკეთებს ასეთ განცხადებას. გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ ღირს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის „ნაცის“ სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძემ. მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვიჩვენა მანამდე ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - „ნაცი“ არის ბნელი, შესაბამისად, მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს მდგომი მოვლენა. ეს არის ერთადერთი, რა კომენტარიც შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძეზე და მის სულიერ მეგობრებზე, როგორებიც არიან ზურაბ ფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები - „ნაცი“ არის ასეთი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ფიშერი ხვდება და ახალისებს.
„რაც შეეხება ფიშერს, ის ჯერ მარტო არის მდგმურად ხაზარაძის სახლში. თავისთავად ესეც საჭიროებს რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს. აქედან ორ დღეში ამ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამოირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით, თან არიან გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის მე ვერ წარმომიდგენია. ის პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ნებისმიერ ადამიანს ჰკითხეთ, პოლიტიკურად ვისი მხარდამჭერია ფიშერი. გეტყვიან, რომ „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას.
კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები პარალელს ავლებენ ლევან ხაბეიშვილის დაპირებასა და წლების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას შორის, რომლებიც სოფლებისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფას გულისხმობდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი.
„რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რომ შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი, საშუალო მაჩვენებელი რომ აიღოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.