რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ - პრემიერი

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფაქტს ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება.

 

„ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარაა. მე არ მექნებოდა პასუხის მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ საპასუხო მათ არაფერი აქვთ. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ უკუსვლას, რომელიც ჩანს მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მათთვის ეს უკუსვლა არის ნორმალური მოვლენა. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება. რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ახსნა და ვერც გამართლება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი პასუხს არ სცემენ მათთვის უხერხულ კითხვას. ეს კითხვა არის მათთვის ძალიან უხერხული და ბუნებრივია, მათ უჭირთ და არ შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა პრემიერმა.

თქვენ ხედავდით, თუ რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის, NGO-ების დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი - ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისივე თქმით, საუბარია არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ეკლესიასა და სხვა ინსტიტუტებზე.

 

„ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, NGO-ების უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ მცდელობებს, ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

 

„მთავარი ურთიერთობებში არის სამართლიანი პრინციპები. თუ სამართლიან პრინციპებს არ ეფუძნება ურთიერთობები, ამ ურთიერთობებს პერსპექტივა არ აქვს. მთავარი პრობლემა რამ შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - უსამართლობამ, უსამართლო დამოკიდებულებამ  ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქაც იყო ორმაგი სტანდარტები, სრულიად უსამართლო შეფასებები, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც დემოკრატიულ პროგრესს, ისე ეკონომიკურ წინსვლას, ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, კორუფციის სიმცირეს. ყველა პარამეტრით საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, თუმცა, ამ ფონზე, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება, მას შემდეგ რაც ჩვენ გავძალიანდით და არ ჩავერთეთ ომში, მიიღეს  ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა აღსრულება და მათთვის უსამართლობა იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი ინსტრუმენტი. ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, პირდაპირ ჩაგვრეოდა ადგილობრივ  დემოკრატიულ არჩევნებში, 2024 წელს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ამომრჩეველს მობილიზებისკენ, ხელისუფლების წინააღმდეგ. პირდაპირ სცენაზე გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ დონეზე გათამამდნენ საკუთარ უსამართლობაში. ამან რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები და გააჩინა ბზარი ურთიერთობებში, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. სადაც არის უსამართლობა, იქ ვერ შედგება ჯანსაღი ურთიერთობები. შესაბამისად, ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი. ვერ გამოდიან ამ წრიდან. თვითონვე შექმნეს ეს უსამართლობის წრე, თვითონვე ჩაიკეტეს თავი ამ წრეში და აქედან ახლა ვეღარ გამოდიან. მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას“, - განაცხადა პრემიერმა.