სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს შესაბამის ქვედანაყოფს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები.
„სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება, რომ მას გაუზიარონ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება წამოიწყოს კონკრეტული საქმეები. რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობა უკვე დადგენილია, არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება შესაბამის სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური,“- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის მიიჩნევს სამართალდამრღვევად შსს-ს ახლად შექმნილი ქვედანაყოფი, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული და უნდა შეეხოს ყველას, ვინც ამ კუთხით სამართალდარღვევას ჩაიდენს.
„რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო. რაც შეეხება შეფარდების პრაქტიკას, აქ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში. ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურ აქცენტს გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, ვინაიდან ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში.
„ყველას გვახსენდება 4 ოქტომბერი და 4 -ოქტომბრამდე წარმართული მოვლენები. ასევე იგივე ხდებოდა სხვა მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით, აანონსებენ, მაღლა წევენ მოლოდინებს და შემდეგ თვითონვე უცრუებენ საკუთარ მხარდამჭერებს იმედებს. ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა იკლებს თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, დღითიდღე, სწორედ ამის შედეგია. ისინი აძლევენ ცრუ დაპირებებს საკუთარ მხარდაჭერებს და შემდეგ იმედებს უცრუებენ მათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, არავითარი რესურსი ამ გაერთიანებას არ აქვს. ჯერ მარტო გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია პროცესების ასე განვითარება სუბიექტური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყნისთვის არ არის ეს მომგებიანი, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ასეთებს. ბუნებრივია, სათანადოდ ვერ ვითარდება დემოკრატიული სისტემა. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში. შესაბამისად, სათანადო კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ამაზე ვიქნებით მაქსიმალურად კონცენტრირებულნი,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა, ხელისუფლება სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დაუპირისპირდეს.
კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე პროცესის დახურვას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი.
„პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, რასაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, სხდომის დახურვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან კონკრეტული საფუძველი, მგრძნობიარე საკითხია, საქმე ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება არსებობდეს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, მაქსიმალურად ჩავყვეთ ყველა საქმეს. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით. ნახეთ, რომ 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედა შსს-მ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხელისუფლების გადატრიალების ძალიან ღია და უხეში მცდელობა. შსს-მ შეძლო, ყოველგვარი ექსცესების და ინციდენტების გარეშე დაპირისპირებოდა ხელისუფლების გადატრიალების ამ მცდელობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერას უნდა გავუფრთხილდეთ. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი და აქ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ასევე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხელწერა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ჩვენი სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
