26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე.
„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს. რაც შეეხება შეკრების გამართვას, შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ეშინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ.
„ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, მათი პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალებაა, რომ პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. აქედან გამომდინარე, გამოდიან ასეთი განცხადებებით. სრული ფარსია, სიყალბეა მათი ე.წ. პროდასავლური ბუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოზიცია არის მყარი და მკაფიო.
„ეს საჯაროდ გვაქვს გამოხატული. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის ძალიან მყარი და მკაფიო. ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე.
„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ჩვენი ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას. ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე. ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა.
„ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან. ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარულები ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
