4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 7 ბრალდებულს მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 19 ივნისს, 4 ოქტომბრის მორიგი საქმეზე განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 7 ბრალდებულს:
დავით ჟღენტი — პატიმრობა 5 წლით;
კახაბერ მჟავანაძე — პატიმრობა 5 წლით;
დავით სტურუა — პატიმრობა 5 წლით;
კონსტანტინე კოკაია — პატიმრობა 5 წლით;
გიორგი ჩახუნაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
ზაქრო ალბუთაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
ია დარახველიძე — პატიმრობა 3 წლით;
გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს. გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული ია დარახველიძეც, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი 8 თვეა ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

ერთი კვირის წინ, 12 ივნისის სხდომაზე, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ 7-დან ერთმა ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა მას საპროცესოს გაფორმების თხოვნით მიმართა. შეთანხმების დეტალების დაზუსტებას დრო სჭირდება, რის გამოც სხდომა ერთი კვირით, დღემდე გადაიდო. თუმცა, დღევანდელ სხდომაზე ალბუთაშვილმა განაცხადა, რომ არა თუ უარს ამბობს საპროცესოს გაფორმებაზე, არამედ შიმშილობას იწყებს. პროტესტის უკიდურეს ფორმას მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალის, ელენე ხოშტარიას სოლიდარობის ნიშნად მიმართა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, 17 ივნისს, ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ციხეში სათანადოდ არ მკურნალობენ, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეტლის გარეშე გადაადგილება ვეღარ შეძლოს.

“ქალების დამცირება დაიწყეთ?!” – იკითხა ალბუთაშვილმა სხდომაზე.

66 წლის ალბუთაშვილი რამდენიმე წელია მძიმე დაავადებას ებრძვის. მარცხენა თირკმელი ამოკვეთილი აქვს სიმსივნის გამო. დაკავებამდე ზაქრო ალბუთაშვილი დაცვაში მუშაობდა. ჯერ კიდევ 8 თვის წინ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ითქვა, რომ მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო, დამატებით კვლევებზე მისვლასაც ვერ ახერხებდა და ტკივილები აწუხებდა.

“მე, ზაქრო ალბუთაშვილს, მცხოვრებს ქედის რაიონში, პროფესიით მშენებელს, სამხედრო დაცვის თანამშრომელს, ყოფილ ფეხბურთელს, ჯანმრთელობის პრობლემების მატარებელს, ერთ თირკმელ-ამოჭრილს, მეორეზე პროცეს-დაწყებულს… ამ ე.წ. ხელისუფლებამ შემომთავაზა ორი გზა, ან გავხდე პავლე მოროზოვი, ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია, ან მოვკვდე ციხეში. ვირჩევ მეორე გზას”, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.

შვიდივე მათგანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძის გარდა, დანარჩენს 6-ს დაკავებულს დამატებით ედავებოდნენ 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დარღვევას, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად.

4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ადამიანს ჰქონდა ბრალი წარდგენილი. აქამდე ცნობილი იყო 10 მათგანის განაჩენი. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 7 მაისს პატიმრობა მიუსაჯა პაატა ბურჭულაძეს (7 წელი), მურთაზ ზოდელავას (7 წელი), ირაკლი ნადირაძეს (7 წელი), პაატა მანჯგალაძეს (7 წელი), ლაშა ბერიძეს (7 წელი), ირაკლი შაიშმელაშვილს (2 წელი მიესაჯა დაუსწრებლად – ის მიმალვაშია), ირაკლი ჩხვირკიას (5 წელი), თორნიკე მჭედლიშვილს (5 წელი), ნიკა გვენცაძე (5 წელი) და გური ჟვანიას 5 (წელი).

22-მა ბრალდებულმა საპროცესო გააფორმა პროკურატურასთან: აღიარა წარდგენილი ბრალი და 3-წლიანი პირობითით დატოვა საპატიმრო. ისინი პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

9 მაისს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ:

ალექსანდრე გოგოლაძე;
გოჩა ყატაშვილი;
სულხან აბრალავა;
დათო ღურწკაია;
გენადი კელიხაშვილი;
რამაზ ჯორბენაძე;
ჯანდრი თირქია
ევა შაშიაშვილი.
ევა შაშიაშვილმა ყველაზე ადრე აღიარა მისთვის წარდგენილი ბრალი და 2025 წლის 31 დეკემბერს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენებმა კი ციხე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვეს.

10 მაისს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ:

გურიელ ქარდავა;
ალექსანდრე ხაბეიშვილი;
ბექა ქელეხსაშვილი;
მამუკა ლაბუჩიძე;
გიორგი მულაძე;
ავთანდილ სურმანიძე;
თემურ ქურციკიძე;
ვახტანგ ფიცხელაური;
ხვიჩა გოგოხია;
გიორგი ქორქია;
ლევან ჯიქია;
გიორგი რურუა;
ლაშა ივანაძე;
სერგო მეგრელიშვილი.
სავარაუდო, მომდევნო კვირას გამოცხადდება დანარჩენი 25 ბრალდებულის განაჩენი.