სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.
„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის
მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობას სამთო მეტალურგიის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში.
მხარეებმა აღნიშნეს ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა და დაინტერესდნენ ამ სფეროებში მოწინავე პრაქტიკის გაცვლით. მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას და ორმხრივი ინვესტიციების დაცვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
