ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური პროგრამები და დემოგრაფია – რა შეაჯამა პრემიერმა პარლამენტში

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. 

 

„მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი: გლდანში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში და სოფელ ტოლებში. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. სამუშაოები გრძელდება მცხეთაში, ახმეტაში, სოფელ ზოტში და სოფელ ჭალაში. ასევე გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720 000 ლარი. 


„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად  ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. აქაც მადლობა ეკონომიკის სამინისტროს იმისათვის, რომ ძალიან ეფექტიანად წარიმართა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ქუთაისის აეროპორტში დაინერგა საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა და მგზავრის გატარების დრო შემცირდა სამჯერ. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-დან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავიამიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-დან 125-მდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევის შედეგი, მათ შორის დაგვემატა პეკინის,  შანხაის, ლონდონის, ჟენევის მიმართულებები, მთელი რიგი სხვა მიმართულებები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავია მიმართულებების დამატების მიზნით.
სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. რეისების რაოდენობა გაიზარდა 17.5%-ით. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.

 

„ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 20 მლნ მგზავრს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა.

ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობის დაწყება იგეგმება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდევია 2028 წლის ბოლომდე. ახალი აეროპორტი გვექნება თელავში შიდა ავიამიმოსვლისთვის და გვექნება მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. 

 

„რაც შეეხება სახმელეთო სექტორს, აქაც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე, სამართლიანი. აღიკვეთა ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, ასეთი მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და 6,214 გადამზიდავი მოექცა თანაბარ პირობებში.

 

გადამზიდავთა 4 ასოციაციას ჩამოერთვა და სააგენტოს დაუბრუნდა ნებართვების განაწილების უფლება. აქაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, შუამავლებით ოპერირების პრაქტიკა. პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად, ნებართვების კვოტები გაიზარდა 10%-ით. განხორციელდება არასერტიფიცირებული ავტოსადგურების სერტიფიცირება. ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს სულ მცირე ერთი სერტიფიცირებული ავტოსადგური. პირველი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდება სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. გაციფრულდება რეგიონში პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სატვირთო და სამგზავრო ნებართვები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა.

 

„აიზომა მთლიანობაში დღემდე 2 157 000 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა აქედან 1 551 000 მიწის ნაკვეთი. ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც განხორციელდა კადასტრის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც.

 

„ასეულობით მილიონი წლიურ ჭრილში და ერთჯერადად დაიზოგა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, რაც აისახება ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე. მადლობა ეკონომიკის მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დასრულდა საუკუნის პროექტის, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რაც არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მთლიანობაში ამ მაგისტრალის სიგრძე შეადგენს 52 კილომეტრს. ეს არის ოთხზოლიანი მაგისტრალი, გაიჭრა 51 გვირაბი და აშენდა 97 ხიდი. თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური იყო გაწეული სამუშაოები. შედეგად 8 კილომეტრით შემცირდა გადაადგილების მანძილი და განახევრდა მგზავრობის დრო.

ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. მთლიანობაში, დღემდე დასრულებული მაგისტრალების სიგრძემ შეადგინა 383 კილომეტრი, აქედან უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შესაბამისი მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 319 კილომეტრს.

მიმდინარე წელს უკვე გამოცხადდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 94 ტენდერი გზების მიმართულებით. წლის ბოლომდე დაგეგმილია 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 120-მდე ტენდერის გამოცხადება.

გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები. სამტრედიის ხიდი უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება ზაფხულის ბოლომდე. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ასევე, დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც თბილისისთვისაც მნიშვნელოვანია და მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალისთვის არის მნიშვნელოვანი. მეორე ლოტის მშენებლობა დაიწყება მიმდინარე წელს და დასრულდება 2030 წელს. მესამე ლოტი ასევე წელს დაიწყება და 2030-ში დასრულდება. მეოთხე და მეხუთე ლოტები დაიწყება 2027 წლის დასაწყისში და დასრულდება 2029 წლის ბოლოს. შესაბამისად 2030 წლისთვის მთლიანად თბილისის შემოვლითი გზა იქნება დასრულებული.

ასევე, დავიწყებთ ბათუმი-სარფის გზის მაგისტრალის მშენებლობას. წელსვე დაიწყება და დასრულდება 2031 წელს. ესეც არის ძალიან რთული მონაკვეთი და ძალიან მნიშვნელოვანია საერთო გამტარუნარიანობისთვის.

კახეთის მაგისტრალი: საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი მიმდინარე პროექტია და დასრულდება მომავალ წელს. მეოთხე და მეხუთე ლოტები, ბადიაური-ბაკურციხე, დაიწყება 2027 წლის პირველ ნახევარში და დასრულდება 2030 წელს.

რუსთავის მაგისტრალი წელს დაიწყება და დასრულდება 2029 წელს.

თბილისი-სადახლო-წითელი ხიდის მაგისტრალი დაიწყება მომავალ წელს და დასრულდება 2030 წელს.

როგორც ხედავთ, გეგმის მიხედვით, 2031 წელს მთლიანად ყველა მაგისტრალის მშენებლობა იქნება დასრულებული. რჩება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთი, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ დასრულდება 2032 წელს. შესაბამისად, 2031 წელს არსებითად დასრულდება მაგისტრალების მშენებლობა და 1 წელიწადში ამას დაემატება სამტრედია-ზუგდიდის მონაკვეთიც. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა 450 კილომეტრი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, ჯვარი-მესტიის და ზუგდიდი-ხობის მონაკვეთების მშენებლობა. 

„ეს მონაკვეთი მოიცავს 410 დასახლებულ პუნქტს და 215 000-მდე მოსახლეს.
შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი და მიმდინარე წელს დაგეგმილია არანაკლებ 454 მილიონი ლარის ღირებულების არანაკლებ 863 პროექტის განხორციელება. კონკრეტულად გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში 2025-2026 წლებში 54 პროექტის განსახორციელებლად გამოიყო 20 მილიონი ლარი.
ასევე ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ჯამურად 2025-2026 წლებში გამოიყო 82 მილიონი ლარი და დასაფინანსებლად შეირჩა 7 800-მდე პროექტი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოეწყო სარკოფაგი 50 500 მეტრი კუბის მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის.

 

„მიმდინარეობს ორი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ქართლსა და სამეგრელოში.

 

მიმდინარეობს ოთხი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ფარავს შემდეგ რეგიონებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად განისაზღვრა მყინვარულ და პერიგლაციალურ პროცესებთან დაკავშირებული რისკები და მაღალი რისკის შემცველი უბნები.

 

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ეს შეფასება, საბოლოო ჯამში, მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ტიპის რისკების დაზღვევის შესაძლებლობას. 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა.

ასევე მუშავდება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები: შემუშავდა ალაზან-იორის გეგმა, მომზადდა რიონისა და ენგურის სააუზო გეგმების პროექტები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო ქსელი. განთავსდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ფოთში, ოზურგეთში, თაზაქენთსა და ზესტაფონში - ზესტაფონში ორი ასეთი სადგური განთავსდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში,  დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

 

„გაგრძელდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. დაარსდა რაჭის დაცული ლანდშაფტი და გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი, გაფართოვდა არაგვის დაცული ლანდშაფტი, განხორციელდა კვლევები სვანეთის, ლეჩხუმისა და კახეთის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით. ჯამში, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 126 000 ჰექტარ ფართობზე. მოეწყო 10-კილომეტრზე მეტი სიგრძის და რეაბილიტირდა 89 კილომეტრი სიგრძის სატყეო გზა. განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე. მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც მივაღწიეთ გასული 1 წლის განმავლობაში. ტყის უკანონო ჭრა იყო ძალიან მძიმე და მანკიერი პრაქტიკა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ეს პრობლემა და ამ კუთხით მივაღწიეთ პრინციპულ გარდატეხას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-სტეფანწმინდის გზა. ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი -  დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს. მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა.
რაც შეეხება ხულო-ზარზმას, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა. მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა დასრულებულია, გარდა ე.წ.  „დევის ნაშენის“ მონაკვეთზე გალერეისა, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას რაც შეეხება, დასრულდება 2027 წელს, ახალი კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს. ფოთის ხიდის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში დასრულდება 2031 წელს. გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო,  ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე დანახარჯებმა გადააჭარბა 2,2 მილიარდ ლარს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი.

 

„შედარებისთვის, 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯებოდა 371 მილიონი ლარი და ეხლა გადავაჭარბეთ 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

 

მე დეტალურად აღარ გავყვები იმ პროგრამებს, რომლებიც ხორციელდება, დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გაგრძელებული ცალკეული პროგრამებით, რომლებსაც თითოეულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ამ პროგრამების შედეგად 72-დან 76 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში. 2012 წელს იყო 72.1 და გაიზარდა საშუალო მაჩვენებელი 76 წლამდე და ეს არის იმ მასშტაბური ინვესტიციების შედეგი, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით.

 

წარმატებით გრძელდება ყველა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. გრძელდება ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრა, რაც ფასების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ამჟამად რეფერენტული ფასები მოიცავს 313 ნივთიერების 7521 მედიკამენტს“, - განახცადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგროც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, 7 კორპუსი შენდება, ასევე რუსთავსა და ბორჯომში.

 

„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი.

 

ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი.

 

ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში გაშენდა 5 ახალი კენკროვანი ბაღი ციხეებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

„ამჟამად მოქმედებს დასაქმების 11 პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში. 2025 წელს განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 919 მსჯავრდებული ჩაერთო. წელს, მაისის მდგომარეობით, განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა და სწავლება-ტრენინგი, რომელშიც 725 მსჯავრდებული ჩაერთო.

 

ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტარდებოდა სპორტული ფესტივალები, ასეთი ფესტივალი ჩატარდა 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წელს. ეს არის ახალი სტანდარტი, რაც არის დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება  ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. 

„ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ.  ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45 პროცენტით. იანვარ-აპრილში სამჯერ გაიზარდა ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში. საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49 პროცენტით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა 90 825 ადამიანით  გაიზარდა.

 

 

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დემოგრაფიული მაჩვენებლები. თქვენ იცით, რომ იყო უამრავი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 941 100 ადამიანს უკვე წლევანდელი მონაცემებით და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 216 000-ით, ანუ 5,2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა 10 წლის თავზე, 2014 წლიდან 2024 წლამდე. უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილში მოსახლეობა გაიზარდა 90 825 ადამიანით. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რომელიც არის ბუნებრივია ჯერ კიდევ, როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, არის ბუნებრივი ინტერესი მოქალაქეებს შორის, რომ წავიდნენ შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებში საცხოვრებლად და ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციაც ევროკავშირთან, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, ვხედავთ, რომ 90 000-ზე მეტით არის გაზრდილი უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ იყო უამრავი სპეკულაცია, თუმცა საბოლოო ჯამში ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა აღწერის მონაცემებმა.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 226 500-ით და მთლიანად ეს შემცირდა მოქალაქეების ხარჯზე. ანუ წინა ხელისუფლების პირობებში მოსახლეობა კონკრეტულად მოქალაქეების ნაწილში შემცირდა 226 500-ით და რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, მოსახლეობა გაიზარდა 216 000-ით, აქედან უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში გაიზარდა დაახლოებით 91 000-ით. საქართველოში, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, ცხოვრობს 134 000-მდე უცხოელი მოქალაქე, რაც არის მოსახლეობის 3,4 პროცენტი. აქედან დაახლოებით 44 000 - 44 500 არის უცხოელი სტუდენტი, რომელიც იმყოფება საქართველოში და მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. 54 000 არის სლავური ქვეყნებიდან მოქალაქეების ერთობლიობა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებული. 14 000-მდე არის აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქე და ისინი არსებითად არიან აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გასული და დაბრუნდნენ საქართველოში. ეს არის არსებითად თითქმის სრული სურათი იმ საერთო მაჩვენებლიდან, რომელიც არის წარმოდგენილი აღწერის მონაცემებში. შესაბამისად, მიგრაციის კუთხით გვაქვს დადებითი სალდო, თუმცა გვრჩება უარყოფითი მაჩვენებლები შობადობის მიმართულებით და ეს არის ის მიმართულება, რაზეც განსაკუთრებული ზრუნვა არის საჭირო“, - განაცხადა პრემიერმა.

მთვრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით. 

„რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო იმისათვის, რომ მოსახლეობას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. კონკრეტული გამოსვლებიდან მინდა პასუხი გავცე კონკრეტულ გზავნილებს. ეჭვი შეიტანეს მოსახლეობის გაზრდასთან დაკავშირებით საქსტატის მონაცემებში და იმის კომპეტენციაც კი არ აქვთ, რომ ჩაეძიონ საქსტატი რას უკავშირებს მოსახლეობის ზრდას: შობადობას თუ მიგრაციულ პროცესებს.  როცა თქვა, რომ ეჭვი შეჰქონდა მოსახლეობის ზრდაში, ახსენა შობადობა. ამ დროს ძალიან მარტივად შეეძლო ჩაძიებოდა, თუ რა იყო მოსახლეობის ზრდის მიზეზი და ნახავდა, რომ ეს არ არის შობადობის სახარბიელო მაჩვენებლები, ეს არის მიგრაციული პროცესები. რეალურად, მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით.
აქაც, საქსტატზე შეიძლება ვიღაცამ ასე თქვას, ვიღაცამ ისე, მათი საქმეა, თუმცა საქსტატი ეფექტიანად მუშაობს. მე მინდა საზოგადოებას გავუზიარო მონაცემები, რაც ადასტურებს იმას, რომ საქსტატის ციფრები არის სწორი. მოსწავლეების რაოდენობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 559 400-დან 644 200-მდე. ეს არის იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ფიზიკურად სწავლობენ სკოლებში. 84 800-ით არის გაზრდილი მოსწავლეების რაოდენობა. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს მოსახლეობის ზრდა? ანუ ბავშვების ნაწილშიც, მოსწავლეების ნაწილში, 6-დან 18 წლამდე მოსახლეობაში გვაქვს ზრდა 84 800-ით“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტუდენტების ნაწილშიც არის  ზრდა 109 533-დან 150 986-მდე.  

„სტუდენტების რაოდენობა არის გაზრდილი 41 453-ით. საიდან გაიზარდა ახალგაზრდებში მოსახლეობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს ზრდა? და პენსიონერების ნაწილში, აქ ბიუჯეტიდან ვუხდით თანხებს პენსიონერებს. პენსიონერების რაოდენობა იყო 2012 წელს 682 886 და გაიზარდა 888 518-მდე  ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, ანუ გაზრდილია 205 632-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მოსახლეობის ზრდა, მათ შორის მოქალაქეების ნაწილში და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ სამწუხაროდ, არა შობადობის ხარჯზე, არამედ მთლიანად მიგრაციული სალდოს ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა. შესაბამისად, ვიდრე ვიღაც შეიტანს ეჭვს კონკრეტულ მონაცემებში, ელემენტარულად შეუძლია ჩაუღრმავდეს და ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი.  მართლა ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ. 

 

„საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის კონკრეტული შედეგები, რითაც გამოირჩევა ქვეყანა ამ 14 წლის განმავლობაში და რომ არა პრაგმატული პოლიტიკა, ეს ვერ მოხერხდებოდა.

 

„რაც შეეხება არაპრაგმატულ პოლიტიკას, მე მინდა შეგახსენოთ რა ხდებოდა 2022 წლის თებერვალში და მარტში განსაკუთრებით საქართველოში, აი აქ პარლამენტის შენობის წინ ეწყობოდა საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინის ომთან დაკავშირებით. რას ითხოვდნენ დღემდე ვერ გავიგე. სპეციალური ბრიფინგი ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით, მე პირადად დავდექი ტრიბუნასთან და ვკითხე ოპოზიციას, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისთვის, რასაც არ ვაკეთებდით? აი ეს კითხვა დავსვი მარტივად, ნული პასუხი იმიტომ, რომ პასუხი არ ჰქონდათ. ერთადერთი გამოვიდა მგონი ელისაშვილი, რომელმაც თქვა, რომ იარაღი მიაწოდეთო. ნუ გასაგებია სხვებმა, სხვებს მეტი ჭკუა ეყოთ და ასეთი რაღაც ვერ თქვეს. მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხი არ არსებობდა ამაზე, მაგრამ ითხოვდნენ რას? ესკალაციას. გახსოვთ, როდესაც უარი თქვა საქართველომ სანქციების დაწესებაზე, ეხლა გამოდიან და ამბობენ, რომ სანქციებს არ ვითხოვდითო. მაშინ აქციები ეწყობოდა ამ მოთხოვნით, თებერვალში, მარტში 2022 წელს, სანქციების დაწესების მოთხოვნით, მებრძოლი მოხალისეები - ამასთან დაკავშირებით იმართებოდა აქციები და მაშინ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი, ჩვენ არავინ დაგვიდგა მხარში, შიდა პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ არავინ, არცერთი პოლიტიკური ძალა ამ მძიმე წუთებში არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით. მაშინ ჩვენი გვერდით დგომა არ ნიშნავდა ხელისუფლების გვერდით დგომას, ეს იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გვერდით დგომა. არცერთი ადამიანი არ გამოვიდა და ეს არის არა არაპრაგმატული პოლიტიკა, უფრო სწორად რომ შევხედოთ, ეს არის ღალატის გამოძახილი. აი ეს ადამიანები, რასაც ჩვენ ხან რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ ან ზოგადად ბევრ ეპითეტს იმსახურებენ, ეს ადამიანები პირდაპირ გვიბიძგებდნენ ჩვენ ესკალაციისკენ და კიდევ ერთხელ, ეს არ იყო არაპრაგმატული პოლიტიკა, ეს იყო ღალატი საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ხალხის წინაშე.

 

ჩვენ ვიმოქმედეთ სხვა ღირებულებებით და სხვა პრინციპებით და ჩვენ ვიმოქმედეთ პრაგმატული პოლიტიკით და ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ რა თქმა უნდა მოქმედებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს.

„რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია  ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი. ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს გვაქვს სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში, რა თქმა უნდა, არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.