შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.
„ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ. ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის უკიდურეს დეფიციტს, განათლების უკიდურეს დეფიციტს და პატრიოტიზმის უკიდურეს დეფიციტს, კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთ წელიწადში მოახერხეთ საკუთარი საარჩევნო შედეგის განახევრება. ნამდვილად ტრაგიკულია ის უკიდურესი სიმწირე, რასაც თქვენ ავლენთ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. ელემენტარულად როდესაც პარლამენტში გაქვს ოპოზიციურ ფრაქციასთან დისკუსია ეს უნდა იყოს საინტერესო. შენ არგუმენტებს უნდა დაუპირისპირდეს არგუმენტები, შენ ციფრებს უნდა დაუპირისპირდეს ციფრები, შენ ფაქტებს უნდა დაუპირისპირდეს ფაქტები. არცერთი ციფრი, არცერთი ფაქტი, არცერთი არგუმენტი, არანაირი არაფერი, აი ეს არის ტრაგიკული სახე რაც კიდევ ერთხელ ავლენს ინტელექტის ცოდნის და კეთილსინდისიერების დეფიციტს. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ამოცანაა განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით. მთავარია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის რეკომენდაციას აძლევს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ დაემსგავსონ მათ.
„რაც შეეხება ზოგად განცხადებებს, აქ ითქვა რომ რაღაც მოდელირებული რეალობა იყო წარმოდგენილი ანგარიშის სახით, რაღაც სიცრუე და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერი ჩემი განცხადება. როდესაც ვინმეზე ვამბობ რომ მან თქვა სიცრუე, იქვე ფაქტებით ვამტკიცებ ხოლმე თუ რატომ არის კონკრეტული განცხადება სიცრუე. არც ერთი ასეთი ფაქტი, არც ერთი არგუმენტი, უბრალოდ ზოგადი, მშრალი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ეს ხომ უთავმოყვარეობაა, ეს ხომ სამარცხვინო დამოკიდებულებაა, ეს ხომ მათ არაკეთილსინდისიერებაზე და არაკომპეტენტურობაზე და უღირსობაზე მეტყველებს, თუმცა ასეთია აგენტურის ხვედრი. აგენტურა სხვანაირად ვერ მოიქცევა.
ამიტომ კიდევ ერთხელ რეკომენდაცია ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაემსგავსონ ამათ, არ მოაწერონ ხელი ჯაშუშობის ხელშეკრულებას, ეს არის ადამიანის დაღუპვა. აი დაემსგავსები მერე ამ ადამიანებს როცა კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი ქალს აღარ ჰგავს. იგივე ეხება გარეთ, ეს ხომ სცენარი გადაინაწილეს, აგენტურის ნაწილი უნდა შემოსულიყო, 11 ნაცი და დანარჩენი დატოვეს გარეთ. ეს იყო სცენარი, გარედან დაკვეთილი სცენარი. იგივეა გარეთ მათი მეგობრების და პარტნიორების სახეც ხომ, ეს არის პარტია ნაცმოძრაობა, იქ „ახალი“, „ლელო“ და ასე შემდეგ, არსად კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. აი ეს არის მართლა ტრაგიკული მოვლენა, რასაც არ შეიძლება გულგრილად შევხედოთ. ამას სჭირდება შველა. ამის მერე კიდევ ვიღაცები მოდიან და გვეუბნებიან რომ იქ რაღაცა იქნებ სარჩელის გამოტანაზე იფიქროთ, იქ რაღაც ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია და ასე შემდეგ. რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? ვიდრე ასეთი ადამიანები, ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი, ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.
„დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. ჩემი რჩევა, როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია რაიმე გაინტერესებდეს და პირიქით ასეთ ადამიანებს და ჩვენ ამის მაგალითი უამრავი მოგვისმენია, არ უხარიათ სპორტული წარმატება, კულტურის სფეროში წარმატება, ეკონომიკური წარმატება, ეს წყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები.
მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას ხომ საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის რომ გაუნახევრდათ მათ შედეგი ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ ამ დროს, მიიღეს 49 820 ხმა. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ მათთვის უფრო მისაღებია, რომ მათ თავმჯდომარეს „თვალთხარიას“ მაგივრად ერქვას უთავმოყვარეო.
„არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ამ აგენტურის თავმჯდომარეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უბრალოდ ფაქტებით რომ გავიხსენოთ რას ამტკიცებენ ეს ადამიანები. არ მოსწონთ "თვალთხარიას" იმიჯი და აცხადებენ რომ თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით და ამტკიცებენ რას წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მისი გვერდის ავლით გასცა სროლის ბრძანება და როგორც ჩვარს, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე მოექცა შინაგან საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი იმდენად უთავმოყვარეო იყო, რომ გადაწყვიტა მინისტრის პოზიციაზე დარჩენა. თავზე გადაახტნენ, მოექცნენ როგორც არაფერს, მის მაგივრად გასცეს ბრძანება სროლის თაობაზე და ამის შემდეგ, როგორც უთავმოყვარეო კაცი, ის დარჩა თანამდებობაზე. გასაგებია, მათთვის შეიძლება უფრო მისაღებია, რომ "თვალთხარიას" მაგივრად მას ერქვას უთავმოყვარეო, მათი არჩევანია, თუმცა წარმოიდგინეთ რა მძიმე დილემის წინაშე არიან, საკუთარ თავმჯდომარეზე უწევთ ამის მტკიცება, რომ "თვალთხარია" კი არა - არის უთავმოყვარეო. ნუ საზოგადოება ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იმსჯელებს და გამოიტანს დასკვნებს.
ასევე ფაქტებით დავუმტკიცეთ ბატონ გავრილოვთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ერთობლივად იყო მიღებული. გამორიცხულია, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთის, უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე შემოვიდეს პირი საზღვარზე. და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, ეს არის ფაქტების კონსტატაცია, თუმცა აქაც კი სწყინთ და მაინც ცდილობენ რაღაცნაირად სხვანაირად წარმოაჩინონ მოვლენები,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ის ყოველ ჯერზე იყო საარჩევნო შტაბის უფროსი და გახარიას პარტიის საარჩევნო შედეგი 2024-დან 2025 წლამდე განახევრდა.
„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ცუდ ინვესტიციას, თუ რაიმე არ ეშლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ინვესტიციები და სხვათა შორის არა მარტო ბიზნესში. რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან. მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, რომლითაც შემოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსი და ყოველ ჯერზე დაგამარცხეთ არჩევნებში და თქვენი საარჩევნო შედეგი 2024-დან 2025 წლამდე განახევრდა. ამ თქვენი აგენტურული და მოღალატეობრივი საქმიანობით მოახერხეთ და ერთ წელიწადში 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე განახევრეთ საკუთარი ამომრჩეველი, რაც დადასტურდა მუნიციპალურ არჩევნებში თან კონკურენტი არ გყავდათ, კონკურენტი არ გყავდათ ოპოზიციიდან, „ლელოს“ და ერთი-ორი პარტიის გარდა და გაგინახევრდათ თქვენი საარჩევნო შედეგი. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი შედეგი, თქვენ გაინახევრეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რაც საზოგადოებამ დღეს სხდომათა დარბაზში იხილა.
„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ სხდომათა დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე. გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება და არც პატრიოტიზმი, რთულია, სხვანაირად იმოქმედო და ამ დღეში არიან ეს ადამიანები. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ ვიტყვი - კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს არ ჰგავს. როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთი იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს - კაცის სახე და ქალს - ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, აგენტობაზე, იქ უბრალოდ შეუძლებელია შენთვის, რომ იმოქმედო ღირსეულად, კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის, ახალგაზრდები და მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომელთაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა, თუ არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლა, არის ის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე.
მე მახსოვს, პოპულარიზაციას ცდილობდნენ აგენტობის და მიჯნავდნენ ქვეყნებს ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც და ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. მათ, რეალურად, ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ხედავთ ამის კონკრეტულ გამოხატულებას დღეს ჩვენს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით.
„მთლიანად ჩაიჭრა რუსეთთან კავშირი. ახლო აღმოსავლეთში არის პრობლემური ვითარება და რჩება ერთადერთი ბუნებრივი ხიდი ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის, ეს არის სამხრეთ კავკასიის ხიდი, რომელიც საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს გარეშე შეიძლება, აღარ შევალ აქ დეტალებში, არასერიოზულია, მინიმუმ რუკა უნდა გქონდეს ნანახი და გეოგრაფიაში უნდა ერკვეოდე იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის საზოგადოების მოსახლეობის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. აქ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იქნებოდა ევროპული ბიუროკრატია კონცენტრირებული საქართველოსთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორ გაგრძელდება პროცესები, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება.
„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ გვყავდა სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. აი, ეს მართლა შეიძლება იყოს რაღაცნაირად საბოდიშო, რომ ასეთი რეჟიმი გვყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით ატრიალებდა უბედურებას და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით. ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ დავუშვებთ ასეთი ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ვერც სააკაშვილი, ვერც გახარია, ვერც ხაზარაძე, ვერც სხვა აგენტი, ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ დაბრუნდება ვერასდროს ხელისუფლებაში. საქართველოს აუცილებლად ეყოლება სუვერენული ხელისუფლება. უცხოური აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის. შესაბამისად არც თქვენი პარტიის ადგილი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტიის წარმომადგენლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება სხვა ადამიანმა გასცა, სამარცხვინო ლოგიკაა.
„თქვენ რომ ამტკიცებთ, რომ გახარიას მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება, ნახეთ თქვენი სამარცხვინო ლოგიკა. თქვენ ეხლა რას ამტკიცებთ, რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ და იმდენად უთავმოყვარეოები ხართ, რომ კაცი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავზე გადაახტნენ და ისე გასცეს მის მიღმა თვალების დათხრის ბრძანება და ამის მერე ეს კაცი დარჩა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად და მერე გახდა პრემიერი? ასეთი უთავმოყვარეო თავმჯდომარე თუ გყავთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. რეალობა ის არის, რომ რა თქმა უნდა ბრძანება გაიცა ისე, როგორც გაიცემა შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, ეს ერთი. თქვენ ამტკიცებთ რას? რომ იმდენად უთავმოყვარეო თავმჯდომარე გყავთ, რომ მის მიღმა ვიღაცამ გასცა ბრძანება და ამის მიუხედავად ის დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გამაჩერებს ერთი დღე? მე რომ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩემი გვერდის ავლით ვიღაცამ დათხაროს ადამიანებს თვალები, ერთი დღე რა გამაჩერებს შინაგან საქმეთა მინისტრად და მერე რა გამაჩერებს პრემიერად? აი, თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალები კი არ დათხარა, უთავმოყვარეო თავმჯდომარე გვყავსო და შეინახეთ თქვენთან ეგ უთავმოყვარეო თავმჯდომარე. ეს არის მარტივი ლოგიკა, რაც ფაქტებით დასტურდება. ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია არ არის და უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე. ანუ ფაქტებით დაგიდასტურეთ, ფაქტებით დაგიდასტურეთ, რომ თქვენი თავმჯდომარე არის ან თვალთხარია ან უთავმოყვარეო. თქვენ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა, არის სხვა ვერსია, რომ არის თვალთხარია და დანარჩენი ხალხმა იმსჯელოს. ამ ადამიანების მზე და მთვარე ამოდის ერთ ადამიანზე, გერმანიაში სამარცხვინოდ გაქცეულ ყოფილ თანამდებობის პირზე, რომელმაც საკუთარ ცხენს გაასწრო საქართველოდან, როგორც პიპინია ერისთავი იტყოდა. ასეთი რა ვალი გაქვთ, მე ვერ გავიგე დღემდე. თქვენი საქმეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატ შალვა კერესელიძის კითხვას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩორჩანა არის ტერიტორია, სადაც საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ საზღვრის მიღმა კილომეტრებით შემოიჭრა.
„ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა. რაც ნაკლებად ახსენებთ, მით უკეთესი. ერთადერთი შემთხვევა, სადაც კილომეტრებით შემოიჭრა საოკუპაციო ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ ე.წ საზღვრის მიღმა - ფაქტია ეს, ფაქტია. წადით და ნახეთ, მიხვალთ თუ არა იმ ე.წ საზღვრამდე. სირცხვილია, კილომეტრებით არის შემოჭრილი საოკუპაციო ძალა საქართველოს სიღრმეში იმ ე.წ საზღვრიდან, რომელიც თავის დროზე იყო გავლებული. ამიტომ, ჩორჩანა არ არის სათქვენო თემა, ეს იყო ღალატი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა თავმჯდომარემ“, - მიმართა პრემიერმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი ტყუილი ფაქტებით დასტურდება.
„ბიუჯეტი როდესაც იზრდება მაგალითად 10%-ით, რესურსი იმისა, რომ გაიზარდოს საპენსიო ფონდი, არის შესაბამისი. და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პენსიებისთვის თანხა არ გვემეტება, ნახევარ მილიარდზე მეტი, რომელიც დაემატა პენსიებს, არის ამ ტყუილის დამადასტურებელი ფაქტი. სირცხვილია, არ შეიძლება, ასე ზედაპირულად და პრიმიტიულად ისაუბროთ თემებთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქარტველოს მთავრობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.
„რაც შეეხება ხუთი დღის თემას, მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ და აქ ჯარი არაფერ შუაშია - ჩვენ გვახსოვს ომი, რომელიც ორ დღეში დასრულდა და ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაწყებული ომი. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი. და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ქართულ ჯარს, ჩვენ ქართულ ჯარზე გვაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა და ეს დიდი წარმოდგენა ეფუძნება იმ თავდადებას და პატრიოტიზმს, რომლითაც გამოირჩევა ქართველი ჯარისკაცი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, მთავრობა ინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანაცვლებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩვენ ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს სტატუს-კვო არის შენარჩუნებული. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით რა თქმა უნდა პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილდა პრაგმატულ პოლიტიკაზე.
„რაც შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, ეს პოლიტიკა პრაგმატულიც არის და პრინციპულიც ერთდროულად. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავდით წითელ ხაზებს ამ პოლიტიკაში და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, ოკუპაციის საკითხთან. სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. ეს არის ის, რომ რეალურად, პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. პირველი ხელისუფლება ვართ, ვისაც შეუძლია მოიწონოს ამით თავი. ეს არის ჩვენი პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა იყო დასმული შეხვედრაზე.
„რაც შეეხება დიფ სთეითს და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. მაშინ იყო ზარი. რაც შეეხება ომში ჩართვას, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში, იყო ორი ასეთი შეხვედრა, ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი, ეს შემიძლია დაგიზუსტოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყანაში.
„საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს რამდენჯერმე ეს კითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რატომღაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით საუბრობთ თქვენ ამ თემაზე. მე შემიძლია, გითხრათ, რა არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული მიდგომა ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად შედეგებით იზომება ხელისუფლების პოლიტიკა, რომ შევადაროთ წინა ხელისუფლებას, ძალიან კარგად ვხედავთ, რა იყო შედეგები მაშინ და რა არის შედეგები ახლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით რა იყო პოლიტიკის შედეგები, არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგები. შედეგები იყო რუსეთის ინტერვენცია საქართველოში, მათი ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და ასევე მათი ეკონომიკური ინტერვენცია ამასთან ერთად. აი, ეს არის შედეგები, რაც მარტივად შეიძლება გაიზომოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგები, არავითარი გაფართოება ტერიტორიული წარმომადგენლობის. ერთადერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა ამ კუთხით, ეს იყო შემთხვევა ჩორჩანაში, რაც ვისი „დამსახურებაც“ არის, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად ბოლომდე ვიცავდით ჩვენს ინტერესებს და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არის ბოლომდე დაცული. მე არ ვიცი ეხლა, ამას შეფასებაც არ სჭირდება, ჩორჩანაში შეაჩერებინა ბორდერიზაცია. ახლა არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მე მგონი არავითარ კომენტარს ეს არ იმსახურებს. ერთადერთი შემთხვევაა, სადაც კილომეტრებით არის შემოჭრილი ამ ძველი ე.წ. საზღვრის მიღმა საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიაზე და ამას ჰქვია თურმე ბორდერიზაციის შეჩერება. ეს არის მართლაც სირცხვილი, რომელსაც ვერასდროს ჩამოიწმენდს კონკრეტული ადამიანი საკუთარი ბიოგრაფიიდან. ეს არის ნამდვილი ლაქა, თუმცა ლაქები იმდენი აქვს, რომ იმასთან ჩორჩანაც კი მოსატანი არ არის, ეს შემიძლია თავდაჯერებით გითხრათ. რაც შეეხება სირიას და ვენესუელას, ჩვენ კონკრეტული ზომები გვქონდა მიღებული, თუმცა არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი ამ თემაზე, მით უმეტეს თქვენი თანდასწრებით, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთს.
რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდა ნომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ამ პერიოდში დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავიზარდეთ ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. პირდაპირი სტატისტიკა მეტყველებს რა თქმა უნდა ამაზე. თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს პლუს-მინუსები, მაგრამ მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე. ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება. ეს არის მარტივი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ. რა თქმა უნდა მთელი რიგი გვერდითი მოვლენებიც არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს უარი თქვას რიგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, უვიზო მიმოსვლაზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია იმპორტ-ექსპორტზე, აისახება ტურიზმზე და ასე შემდეგ. ნუ თუმცა მთლიანობაში შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება სავარაუდოდ. მოკლედ ეს არის საერთო სურათი, რომელიც გვაქვს. აქაც რომ ავიღოთ კიდევ ერთხელ სტატისტიკური მონაცემები, ეკონომიკური ზრდის მონაცემები, საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომ ავიღოთ ის ქვეყნები, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველო მათთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის კუთხით 2003 წლიდან დღემდე. ნუ დანარჩენი ყველაფერი არის ბალანსის საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თანაბრად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მიღწევებზე, ისე პრობლემებზე და ეს არის ერთი საქართველო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გასულ 5 წელიწადში 3-ჯერ შემცირდა საქართველოში სიღარიბე, იქვე ვთქვით, რომ ჯერ კიდევ 280 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის ერთი საქართველო. ის ადამიანებიც, რომლებმაც შეძლეს სიღარიბის დაძლევა და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო და რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ ერთნაირად, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან.
„მე მახსენდება იგივე, თუნდაც 2021, 2022 წელი, მანამდე წლები, როდესაც საკმარისი იყო ერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადება, რომ ხალხში ამას გამოეწვია სერიოზული მღელვარება.
დღეს საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს სიმართლეს ტყუილისგან და ამაზე დაგვჭირდა ჩვენ სერიოზული მუშაობა. ჩვენ დაგვჭირდა სიმართლის გაზიარება ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ მანკიერებების შესახებ, რომელსაც ვხედავდით ევროპულ ბიუროკრატიაში, თავის დროზე ამერიკულ ადმინისტრაციაშ, რომ არა ამ სიმართლეში საზოგადოების გათვითცნობიერება, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენი საერთო გამოწვევების დაძლევა. ჩვენ ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს. აქ საუბარია როგორც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. რომ არა ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა გამოწვევებთან გამკლავება.
ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები - ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას ან ძალადობდა სახელმწიფოზე და ჩვენ, საბოლოო ჯამში, აქაც გვქონდა რთული პერიოდები, როცა ვერ ვახერხებდით სამართლის აღსრულებას მოძალადეების წინააღმდეგ. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში აქაც რადიკალურად შევცვალეთ ვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სამართლის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და აქ საქართველოს მთავრობის პოზიცია მომავალშიც იქნება, სრულიად უკომპრომისო.
„იყო ერთი საკითხი, რაც შიგნიდან არღვევდა სისტემას - ეს იყო კორუფციის გამოვლინებები. და აქაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ვაჩვენეთ სრული უკომპრომისობა და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასევე უკომპრომისოდ გავაგრძელებთ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა ხალხის სიმტკიცე, ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა.
„მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, მიუხედავად შანტაჟის, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის არაერთი მცდელობისა, საზოგადოება ბოლომდე დადგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და რომ არა საზოგადოების სიმტკიცე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც ერთი წარმატება ვერ შედგებოდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას სიმტკიცისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცედ გაფრთხილებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს და სამთავრობო გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის.
„მე მინდა, პარლამენტს, პარლამენტარებს გადაგიხადოთ მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული, მათ შორის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მუდმივად გრძნობს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. მადლობა თქვენ, პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა ვერ იქნებოდა წარმატებული.
მე მინდა, სამთავრობო გუნდს გადავუხადო მადლობა. ეს არის პროფესიონალების გუნდი და ყველა ის შედეგი, რომლის წარდგენის საშუალება მქონდა დღეს, არის თითოეული ამ ადამიანის, თითოეული მინისტრის საქმიანობის შედეგი. რეალურად, მიღწევები არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მე მქონდა დღეს ამაზე საუბრის საშუალება, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მიღწევას ვერ შევეხე, თუმცა ის ჩამონათვალი, რაც დღეს წარმოგიდგინეთ, უკვე აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც სამთავრობო გუნდმა განახორციელა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის თითოეულ წევრს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მის გუნდს მხარდაჭერისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ არაერთი საჯარო განცხადება, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. მე პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და გვქონდა ძალიან მეგობრული, საინტერესო საუბარი ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
„რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, გამოწვევებით არის სავსე ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გვქონდა ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81 პროცენტი არის შესრულებული. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, არის უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ქვეყანა და ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის და, რა თქმა უნდა, აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში.
„საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება. გამჭირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორიც იყო, მაგალითად ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში.
მთლიანობაში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს იყო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთი წლის განმავლობაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხლისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
