სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დეპარტამენტის დირექტორი ლევან კვიციანი და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების, მიმდინარე საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.