"სანქციებით, რეზოლუციებითა და შანტაჟით საქართველოს ეროვნული კურსის შეცვლას ცდილობენ" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც,

 

„იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება „დიპ სტეიტის“ მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო „დიპ სტეიტის“ მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.

 

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისი თქმით, რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს.

 

 

„რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ეჭქვეშ არის დაყენებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად ეუთომ და ოდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. დავესესხები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს, დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული „არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა, მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა“. უსიამოვნების მიზეზი მარტივია - „დიპ სტეიტის“ მიზნების საწინააღმდეგოდ, 2024 წელსაც საქართველოს მოსახლეობამ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა და არა აგენტურა, არამედ ეროვნული ხელისუფლება აირჩია. ეს რომ გაცნობიერებული არჩევანი იყო, 2025 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა, სადაც მმართველ პარტიას მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მყარი ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას აბსურდულს უწოდებს.

 

 

„არსებობს ცნობილი გამონათქვამი - „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე“. ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებები, ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის“ არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.

 

 

„მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამონათქვამები - „ან ჩვენ გავანადგურებთ დიპ სტეიტს ან დიპ სტეიტი გაანადგურებს ამერიკას“; „ჩვენ გვსურს ბრიტანული დიპ სტეიტის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია“. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ „დიპ სტეიტის“ არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს.

 

ამ ფონზე, ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად, ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ „დიპ სტეიტის“ წინაშე; შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ წარმოადგენს, „დიპლომატების“ ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება.


„როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამსჯელო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, გარე დაკვეთით დაწყებული და ორ დღეში წაგებული ომი - ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც „დიპ სტეიტის“ აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ.

ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც, საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ წარმოადგენს, „დიპლომატების“ ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება,“- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნები ან უკრაინაში ამ კუთხით არსებული რთული ვითარება, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, უპრობლემოდ აღიარებენ.

 

 

„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ.

 

საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.

 

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველო უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუ ბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული.

 

ამ ფონზე, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოც შეიძლება დაჰყვეს „დიპ სტეიტის“ თამაშის წესებს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერშეცნობის ფასსაც დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

 

 

„ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები - ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა „დიპ სტეიტს“ ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ, ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ, ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს.

 

თუმცა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უდიდესი გამოწვევების ფონზე, სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს.


„მოშლილ ეროვნულ, რელიგიურ და პიროვნულ იდენტობასთან ერთად, ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები: ხშირად გვითქვამს, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 18 %-ზე ნაკლებია.

შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის მცდელობებთან გამკლავებას „დიპ სტეიტის“ თამაშის წესებზე დაყოლა ჯობს, როგორც ამას თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ ეროვნულის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება, ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება დღის წესრიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს.

ამგვარად, სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით „დიპ სტეიტი“ საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში, ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, არის ძალიან მძიმე და სამარცხვინო მოვლენა.


„ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს, უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.

 

„ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას - დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპას  სერიოზული პრობლემები აქვს აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, ახლო  აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე და ასევე მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე.

 

„ევროკავშირის ბიუროკრატია არის აბსურდში შესული. ყველამ კარგად იცის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო აკავშირებს ზღვასთან კავშირის არმქონე შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კუთხით არის ბუნებრივია საკვანძო. თუმცა  იცით, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს მათ თავის დროზე. მაგალითად, გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული შვიდი ქვეყანა მინისტრის დონეზე და საქართველო არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე მაშინ, როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ყველა დანარჩენ შვიდივე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. აი ასეთ აბსურდში როდესაც შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებ გადაწყვეტილებებს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე გავლენებით და არა საკუთარი სუვერენული ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამის შედეგია ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი და ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები, დამატებით ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება, სამწუხაროდ, ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის რუსეთი, წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე არის სერიოზული ჩიხი შექმნილი შესაბამისი მიმართულებით. საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს. 

 

„კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს. რაც შეეხება ასეთ უტიფარ განცხადებებს, მე მგონი განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. ყველამ იცის, რომ ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ვერც გამართლება და ვერც ახსნა ვერ ექნება,“- აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერ შეძლეს.


„მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც მაგალითად 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ გამოაცხადეს „რუსულ კანონად“ ერთხელ, მეორედ. შემდეგ უკვე როდესაც 2024 წლის არჩევნები რეალურად არ აღიარეს და ამის შემდეგ მათ მიერვე შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენს მიერ შეჩერებულად გამოაცხადეს. და შემდეგ როდესაც ღიად დაუჭირეს მხარი 2025 წლის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. ვერც ერთ ჯერზე მათ ვერ შეძლეს ქართველი ხალხის მოტყუება და ასე იქნება მომავალშიც. შესაბამისად მათ, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. თუმცა აქაც მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი მოქმედებენ არა სუვერენულად, არამედ გარე სუბიექტების კარნახით,“- აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, მთავრობის მეთაურის თქმით,  მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო წელს  მიიღება.

 

„არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება მისიების მოწვევის თაობაზე მიიღება ხოლმე საარჩევნო წლის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, ყველას გირჩევთ დაველოდოთ 2028 წელს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარი კონფლიქტი არავისთან არ გვაქვს. ეუთო/ოდირმა წინა არჩევნები აღიარა, გამოაცხადა შემდგარად, კონკურენტულად და ამის მიუხედავად სხვები დაუპირისპირდნენ ღიად ეუთო/ოდირს. მათ შორის იყო ადგილობრივი აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ასევე იყვნენ მათი გარე პატრონები.  ღიად დაესხნენ თავს ეუთო/ოდირს. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან. ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ. თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან. ეს არის რეალური ვითარება. რაც შეეხება 2028 წელს, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ 2028 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ მისიების მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სწორედ საარჩევნო წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს  ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან.
 

„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმიტომ იქნა მიღებული, რომ 2020 წელს, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები.

 

„ავიღოთ კანონმდებლობა, ავიღოთ პატიმრების საკითხი, მათ შორის შეკრებების შესახებ კანონმდებლობა. ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯები, რამაც მოგვცა ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა. როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. გამჭვირვალობის შესახებ კანონი რატომ იქნა მიღებული - იმიტომ, რომ 2020 წელს, მაგალითად, სწორედ გაუმჭვირვალე დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს ე.წ. PVT, პარალელური დათვლის შედეგები. გააყალბეს და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია.

 

შემდეგ, იგივე გამყალბებელი NGO-ები ავიდნენ სცენაზე 2022 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი უშუალო ჩართულობით, მთავრობის ფორმირება. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში, საბაბად გამოიყენეს ამისათვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. ანუ რეალურად, ერთმა სუბიექტმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და იგივე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა ამის გამო მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ იყო რევოლუციის არაერთი მცდელობა. ამ მცდელობებში ღიად იყვნენ ჩართული გაუმჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები. გამჭვირვალობამ მოგვცა საშუალება, ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა, ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია და ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 150-კაციანი ჯგუფი ყოველდღიურად, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა რუსთაველის გამზირს, სწორედ ამიტომ მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის მიღება.

„მივიღეთ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელმაც მათ ამის საშუალება აღარ მისცა. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო, სადაც 150 კაცი, ერთი წლის განმავლობაში, კეტავდა ცენტრალურ გამზირს. მივიღეთ კანონმდებლობა და, შესაბამისად, აღარ მივეცით 150 კაცს იმის შესაძლებლობა, რომ 4 მილიონი ადამიანისთვის შეექმნა პრობლემები. ამის გაუქმებას როცა ითხოვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველაფერი დღესავით ნათელია. ამის შემდეგ დაიწყეს რა? როცა ვეღარ კეტავდნენ რუსთაველის გამზირს, დაიწყეს მსვლელობები ტროტუარებზე და ამით უქმნიდა 150 კაცი უკვე პრობლემას 4 მილიონ ადამიანს. ამის წინააღმდეგაც მივიღეთ კანონმდებლობა და ამ ყველაფერმა დაამშვიდა მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია. 150 კაცს არ შეგიძლიათ, დისკომფორტი შეუქმნათ 4 მილიონ ადამიანს. თორემ ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია, დამერწმუნეთ, ასე წერია კანონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ კანონმდებლობის გაუქმებას, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, ლოგიკური დასკვნა მარტივია.

„კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა? თუ მათ ქვეყნის არევა უნდათ, რა თქმა უნდა, ამას დავუპირისპირდებით. იგივე ეხება პატიმრებსაც. ვინ არის დაპატიმრებული? - ძალადობაში ჩართული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და საბოლოო ჯამში, ჩვენ სწორედ ამ ადამიანების დაპატიმრებამ მოგვცა პრევენციის საშუალება და ის, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა ბევრად უფრო მარტივად აღიკვეთა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდა მოძალადეების დაპატიმრებას. როდესაც ევროპული ბიუროკრატია მის მიერვე წახალისებული მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ უნდათ სცადონ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. რა თქმა უნდა, ასეთ მცდელობებს დავუპირისპირდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და უნდა დამშვიდებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, წერილობით მიმართეს მათ ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისში და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან.


„რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში. წერილობით მიმართეს ქართულ მხარეს და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ამას წინ უძღოდა რევოლუციის არაერთი მცდელობა. 2022 წლის ივნისში პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები რევოლუციის მცდელობაში; შემდეგ 2023 წლის გაზაფხული - აქაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები და ორგანიზაციები ამ მცდელობაში; შემდეგ ეს იყო 2024 წლის გაზაფხული, 2024 წლის ბოლო და ბოლოს 2025 წლის შემოდგომა, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ აქციას, რომლის სათაური იყო - „დამხობა“. აი, ეს არის რეალური მიზეზები, რატომაც პოლიტიკური დიალოგი არის შეჩერებული და თან საინტერესო ის არის, რომ მიზეზი მათ შექმნეს და პოლიტიკური დიალოგიც მათ შეაჩერეს 2024 წლის ივნისში. ამას ხედავს საზოგადოება და სწორედ ამის გამოა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის ინტერესების შესაბამისად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს მთავრობა ღიაა  თანამშრომლობისთვის.

 

„ჩვენ ყველგან ვართ და სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხითაც საქართველოს ფუნქცია მუდმივად ძლიერდება. შესაბამისად, საქართველო არის ყველგან. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. გავიგეთ, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება. გავიგეთ, რომ უნდოდათ, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, აგენტურას არ იღებს, არ აბრუნებს ხელისუფლებაში და ხომ შეიძლება შეეშვან ამ ყველაფერს? ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება. დანარჩენი, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად ღია, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის მზად ვართ იმისათვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ გასული ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.