სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დოკუმენტის განხილვასაც კი არ აქვს აზრი, რადგან ის მთლიანად სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.
„თქვენ იცით, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი მიდგომა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს.
„სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით – თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს.
„ორივე თვალსაზრისით ჩანს, რომ აბსურდშია შესული სრულად ევროპული ბიუროკრატია. ერთი, რომ განიხილავენ შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე, მაშინ როდესაც საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნისთვის კავშირს შავ ზღვასთან. ანუ რამხელა აბსურდში არიან შესული, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. მეორე მხრივ, ისინი საუბრობენ ქართველ ხალხზე ცალკე და საქართველოს ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე ზედიზედ მეორედ, 2024 წელს და შემდეგ ერთ წელიწადში 2025 წელს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ მიიღო მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან.
ასეთ დროს, როდესაც ხელოვნურად ცდილობ გააცალკევო ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და ხელისუფლება, ეს არის ის მიდგომა, რასაც მანამდე ვიცნობდით ჩვენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებდა საქართველოს სუვერენიტეტს 20%-ის მიმართ. ახლა ვხედავთ, რომ უკვე ქალბატონი კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა ევროპული ბიუროკრატიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ცხადია,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, სადღაც ოთხ წელიწადში მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების საშუალებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ბუნებრივია საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.
„ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს მეუფე დიმიტრის.
„მინდა, მეუფე დიმიტრის გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. სწორედ ის არის ამ იდეის, ამ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი. ის მოემსახურება ხანდაზმულებს, იქნება ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი. აქვე იქნება დღის ცენტრი ხანდაზმულებისთვის და აქვე იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ცალკე იქნება გამოყოფილი ინკლუზიური სწავლების ჯგუფი.
თქვენ ხედავთ, რომ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით ეს ცენტრი და მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
