ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი მხარე, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არის, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია, ეს არის ძალიან მშრალი ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„რაც შეეხება ოკუპაციას, აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. ამაზე უამრავი განცხადება კეთდება და ამას ჩაკითხვა აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცხადზე ცხადი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო ოკუპაცია და შემდეგ იყო ე.წ აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.
იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის, სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში, ისტორიული (13-წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი.
„გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და საერთაშორისო შეფასებებში. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ხოლმე, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. იმედი გვაქვს, რომ, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს გასაგები მიზეზების გამო.
„ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ.
„პირველ რიგში, არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაც მე გავიმეორე. ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი თავის დროზე, 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში და, მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად, რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში, ანუ ომში გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ და მერე რატომ ჩაიწერა, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია. რუსეთის პასუხზეა იქ პირდაპირ საუბარი და ამას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
„არგუმენტი თუ ვინმემ რამეს მისცა, ეს იყო ის, როდესაც თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარა ის, რომ კონფლიქტი მათ გადაზარდეს ომში, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში. ვინმემ თუ რამე შეაგულიანა, ჩვენ ფაქტებით ვხედავთ ამ ყველაფერს. ფაქტები არის ოკუპაცია და ფაქტები არის აღიარება. როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა თქვენი პოლიტიკური პარტია. ეს არ იყო მხოლოდ მაშინ საომარი მოქმედებების დაწყება, მარტო ეს არ იყო, რაც მათ გააკეთეს, ამას წინ უძღვოდა ათასი პროვოკაციული ქმედება, რითაც მოუმზადეს მათ რუსეთის ფედერაციას საბაბი, არა საფუძველი, არამედ, ხაზგასმით ვამბობ, საბაბი იმისათვის, რომ გადაედგათ ის ნაბიჯები, რაც შემდეგ გადადგეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩაედინათ ის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინეს. ეს იყო, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის წოდება და ა.შ. უამრავი პროვოკაციული ფაქტი. კანონი მიიღეს, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს, რითაც შექმნეს ალტერნატიული დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლება. ეს იყო იმ ნაბიჯების დაწყება, რომლებიც დააგვირგვინეს შემდეგ იმით, რაც ჩაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს გააკეთა თქვენმა პარტიამ და თქვენ, სამარცხვინოდ, არ ემიჯნებით საკუთარი პარტიის ამ ქმედებებს, რამაც მოიტანა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და ამ ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, ავანტიურა გარე დაკვეთით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ავანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარე დაკვეთით. საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. თქვენმა პარტიამ როდესაც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მაშინ საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა რეჟიმმა. თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
