საქართველოს ხელისუფლების სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ აგენტურის მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის გამო სხვადასხვა ქვეყანამ, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ – ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედა ზეწოლის ყველა მექანიზმი.
„სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
