მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიფ სთეითის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს.
„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში – რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიფ სთეითის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ; საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის – საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიფ სთეითის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს“, – აღნიშნა პრემიერმა.
