მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი პოლიტიკიდან წასვლის მომხრე არ იყო.
ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის მთავარ მიზეზად საკუთარი სურვილი დაასახელა.
მისი თქმით, ამ საკითხზე ის გუშინ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, დღეს დილით კი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
"შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რა იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია?” - ჰკითხა მამუკა მდინარაძეს “tv პირველის” ჟურნალისტმა.
"იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა… მაგრამ ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ასე დავშორდით ერთმანეთს”, - უპასუხა მამუკა მდინარაძემ.
ის ირწმუნება, რომ თანამდებობის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება პატიმარი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ განცხადებასთან “არაფერ შუაშია”.
"წერილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გამიგზავნია ჩემს ცხოვრებაში”, - თქვა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, იქვე დასძინა, რომ არც სხვისი პირით შეუთვლია რამე ირაკლი ღარიბაშვილისთვის.
