თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.
„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება კი - ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა - ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა. სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია. საუკუნეების განმავლობაში, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა. ამ უწყვეტ ჯაჭვში განუზომელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი უდიდესი სულიერი და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის მყარი საფუძველია, რომელიც ევროპული ერების იდენტობას განსაზღვრავს და რომლის დაცვა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.
„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას - შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას.
მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
